კახა კუჭავა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ედგარს რინკევიჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებსა და ლატვიისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც პოლიტიკური, ისე – ეკონომიკური მიმართულებით.
საუბარი შეეხო ნატო-ს „ღია კარის პოლიტიკასა” და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით საქართველოს ნატო-ში გაწევრების აუცილებლობას. ხაზგასმით აღინიშნა განაცხადი, რომელსაც საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. კახა კუჭავას თქმით, ამ მიმართულებით ლატვიის მხარდაჭერა და გამოცდილება მნიშვნელოვანია.
პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს ჩვენი საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის, – აღნიშნულია ინფორმაციაში.