ბიძინა ივანიშვილი: გახარიას მოქმედებას გაუგებრობის ხარისხით მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება, მოეძებნოს ანალოგი
“გახარიას მოქმედებას გაუგებრობის ხარისხით მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ანალოგი შეიძლება, ძნელად მოეძებნოს”, – ამის შესახებ ყოფილი პრემიერმინისტრისა და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაშია ნათქვამი.
მისი თქმით, მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა.
,,გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ, ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს.
მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა – იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა. უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება, მოეძებნოს ანალოგი”, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.