სოზარ სუბარი: გაოგნებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ 2018 წლიდან სახალხო დამცველი არ შესულა ნინოწმინდის პანსიონში – როცა შესვლის უფლება არ მიეცა, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში
“ცოტა გაოგნებული ვიყავი, როცა გავიგე, რომ, თურმე, 2018 წლიდან სახალხო დამცველი არ შესულა ნინოწმინდის პანსიონში, როცა შესვლის უფლება არ მიეცა, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში”, – ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სახალხო დამცველი პანსიონში აუცილებლად უნდა შევიდეს.
„ამ წუთებში პანსიონატში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და ოთხი სოციალური მუშაკი. გზაში არიან ფსიქოლოგები, რომ ინდივიდურად იმუშაონ ყველა ბავშვთან. ექვსი ბავშვი, რომელმაც წუხელ მოითხოვა იქედან გამოსვლა, გადაყვანილია სხვაგან. 2006 წელს სახალხო დამცველი ვიყავი, როცა ეს პანსიონატი შეიქმნა. მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა – ნინოწმინდასა და ზესტაფონში. შემიძლია, მაშინდელი ამბები მოგიყვეთ. მაშინაც ჰქონდათ მცირე პრობლემები შესვლაზე, თუმცა, ეს მალე დალაგდა. მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო ქვეყნის მასშტაბით. ეს ორი ბავშვთა სახლი მოვლის თვალსაზრისით საუკეთესო პირობებით გამოირჩეოდა, თუმცა მაშინ მე, მერი მაღლაფერიძე, მაია გედევანიშვილი ვამბობდით, რომ სახელმწიფოს ყურადღება უნდა მიექცია, რადგან მაშინ იქ შედიოდა სახალხო დამცველი და არ არსებობდა აღრიცხვა სახელმწიფოს მხრიდან, არ იყო კონტროლის რაიმე მექანიზმი, რაც ახლა გამოსწორებულია.
2015 წლიდან იქ არსებობს ლიცენცია, შედის რეგულირების სააგენტო. იყო გარკვეული პერიოდი, როცა რეგულირების სააგენტოს რამდენიმე თვის განმავლობაში არ უშვებდნენ. ეს იყო აბსოლუტურად დაუშვებელი, თუმცა, ამჟამად, ეს მდგომარეობა გამოსწორებულია“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.
3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.