მიხეილ ყაველაშვილი – „ახალგაზრდების დასაქმების საკითხში განათლების სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია”

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა თემატური მოკვლევის – „ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის” სამუშაო ჯგუფის წევრებმა, ზეპირი მოსმენის ფორმატში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმინეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროფესიული განათლების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამარ სამხარაძემ და უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ნინო წერეთელმა სამუშაო ჯგუფის წევრების შეკითხვებს უპასუხეს და არაფორმალური და პროფესიული განათლების მიმართულებებზე, ასევე, სტაჟირების პროგრამასა და სამეწარმეო სწავლების საკითხებზე ისაუბრეს.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის შეფასებით, ახალგაზრდების დასაქმების საკითხში განათლების სისტემას მნიშვნელოვანი როლი აკისრია და სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული ტექნიკური პირობების უმრავლესობა განათლების სისტემასთან არის პირდაპირ კავშირში.

მისივე განცხადებით, თემატური მოკვლევის ჯგუფი სამუშაო პროცესში რეკომენდაციებს მოამზადებს, რომელთა განხორციელების მონიტორინგს კომიტეტი განახორციელებს.
„თემატური მოკვლევის ჯგუფის მიზანია, სრულყოფილი და შესრულებადი რეკომენდაციები შევიმუშაოთ, რომელთა შესრულებაც ახალგაზრდების გარემოს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს და ხელს შეუწყობს მათ დასაქმებას”, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
თემატური მოკვლევა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობითა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით ხორციელდება, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები