კახა კუჭავა უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა შეხვედრაზე საქართველოსა და უკრაინას შორის არსებულ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, რომელსაც საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგნელები ესწრებოდნენ, ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობასა და სამმხრივი საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის გააქტიურებას გაესვა ხაზი.
იმსჯელეს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესში მიღწეულ პროგრესზე და აღინიშნა, რომ ალიანსში გაწევრიანება ორი ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
კახა კუჭავამ საქართველოს დასავლური ინტეგრაციის პროცესში მეგობარი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობასა და იმ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც ქვეყანა 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს. ისაუბრეს უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიაზე განვითარებულ პროცესებს და რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე.
უკრაინის პრემიერმინისტრმა პარლამენტის თავმჯდომარეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, საერთაშორისო არენაზე უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და დაადასტურა, რომ უკრაინა საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს. აღინიშნა პოსტპანდემიურ პერიოდში სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკის აღდგენისა და ტურიზმის მიმართულებით ურთიერთობების გააქტიურების შესაძლებლობები და მნიშვნელობა.
უკრაინის პრემიერმინისტრმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ვიზიტით მიიწვია.