“საქართველოს გაუმარჯოს! ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, უკრაინელი ხალხის სახელით მინდა, ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება”, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
უკრაინის პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილს სტუმარმასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„უპირველეს ყოვლისა, მადლობა მინდა, გადავუხადო ჩემს კოლეგას, ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ტრადიციული სტუმარმასპინძლობისთვის, მეგობრული და კონსტრუქციული ატმოსფეროსთვის, რომლითაც დახვდნენ უკრაინულ დელეგაციას თბილისში. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა და ეს ორმაგად სასიამოვნოა. უკრაინელი ხალხის სახელით მე მინდა, ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება. საქართველოს გაუმარჯოს! ძვირფასო მეგობრებო, აი ამ რთული, გლობალური გამოწვევების პირობებში, რომელიც პირველ რიგში კორონავირუსს უკავშირდება, ჩემი ვიზიტი საქართველოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ვხედავთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩვენს ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენი ქვეყნების ბიზნესისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებით და, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით. დღევანდელი ურთიერთობები ჩვენს ქვეყნებს შორის, პირველ ყოვლისა, ემყარება უკრაინის და საქართველოს მთავრობების ერთობლივ მიზნებს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის თვალსაზრისით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი ქვეყნების შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. ჩვენი მხრიდან, საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მიაღწიონ ამისთვის საჭირო კრიტერიუმებს”, – განაცხადა დენის შმიგალმა.