ამირან გამყრელიძე: მესამე კვარტალში ქვეყანას ვაქცინების დიდი რაოდენობის მარაგი ექნება, ამიტომ, განსაზღვრულია ინტენსიური, ანუ მასობრივი აცრები
“მესამე კვარტალში ქვეყანას ვაქცინების მარაგების საკმაოდ დიდი რაოდენობა ექნება. ამიტომ, მესამე კვარტალში განსაზღვრულია ინტენსიური, ანუ მასობრივი აცრები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა ნახევარ მილიონ დოზამდე „სინოფარმის“ ვაქცინას მიიღებს, მესამე კვარტალში კი მილიონ დოზა „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებიან.
„ქვეყანაში აცრების ინტენსივობა თანდათან იზრდება. დღესდღეობით ჩვენ მარაგში გვაქვს როგორც პირველი, ისე – მეორე აცრისთვის 160 000-მდე დოზა ვაქცინის. იცით, რომ მოსალოდნელია და უკვე დაზუსტებულია, რომ ივნისის ბოლოს, ივლისის პირველ რიცხვებში ქვეყანა დაახლოებით ნახევარ მილიონ დოზა „სინოფარმს“ მიიღებს. ასევე, მესამე კვარტალში განსაზღვრულია უკვე დაახლოებით მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინის მიღება. ასევე, „კოვაქსმაც“ დაადასტურა დაახლოებით „ნოვოვაქსის“ ვაქცინის 700 000-მდე და „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ 130 000-მდე დოზის მესამე კვარტალში მოწოდება.
მესამე კვარტალში ქვეყანას ვაქცინების მარაგების საკმაოდ დიდი რაოდენობა ექნება. ამიტომ, მესამე კვარტალში განსაზღვრულია ინტენსიური, ანუ მასობრივი აცრები, დღიურად უნდა აიცრას დაახლოებით 15 000-16 000 ადამიანი. ამასთან ერთად, ქვეყანა ემზადება ინფრასტრუქტურის მეტად მოსაწესრიგებლად“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.