იუსტიციის მინისტრმა სტუდენტური შეჯიბრის გამარჯვებულები დააჯილდოვა
“იუსტიციის მინისტრმა ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი იურისტები აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირთან საქართველოს დაახლოების საქმეში. ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესები იუსტიციის სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის ინიციატივით და იუსტიციის სასწავლო ცენტრის ხელშეწყობით ყოველწლიურად იმართება.
მისი მიზანი ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროკავშირის კანონმდებლობისადმი ინტერესის გაზრდა და იმ საქმიანობის პოპულარიზაციაა, რასაც იუსტიციის სამინისტრო ეწევა ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში. 2021 წელს ევროკავშირის სამართალში იმიტირებული სასამართლო პროცესები ევროპის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ „საქპატენტი“ და „IRZ“. კონკურსის 53 გუნდი და 169 მონაწილე თითოეულ ეტაპზე მოსამართლეებისაგან შემდგარმა კოლეგიამ შეაფასა.
გამარჯვებული თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის გუნდი გახდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ გიორგი ჩაჩხიანი, გვანცა დოლბაია და ალექსანდრე პატარაია. ინდივიდუალურად საუკეთესო გამომსვლელის ტიტული თავისუფალი უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მე-3 კურსის სტუდენტმა მარიამ ბიბილურმა მოიპოვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.