პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით, რვა ექიმს სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერდა

პროფესიული განვითარების საბჭომ რვა ექიმს სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება დროებით შეუჩერა. გადაწყვეტილება საბჭომ დღეს გამართულ ყოველთვიურ შეხვედრაზე მიიღო.​

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე სამედიცინო მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ შესწავლილი 12 საკითხი განიხილეს და 28 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს.

საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფო სერთიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით შეუჩერდა რვა ექიმს, 16 ექიმზე პასუხისმგებლობის სახედ წერილობითი გაფრთხილება განისაზღვრა, ოთხ ექიმს კი პროფესიული პასუხისმგებლობა არ დაეკისრა.

უწყების ცნობით, 2021 წლის იანვრიდან 31 მაისის ჩათვლით პროფესიული განვითარების საბჭომ სულ 54 საკითხი განიხილა და 93 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელა.

პროფესიული განვითარების საბჭო ჯანდაცვის სამინისტროსა და მისი დაქვემდებარებული უწყებების, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის, სამედიცინო დაწესებულებებისა და დარგობრივი ასოციაციების წარმომადგენლებისგან შედგება. საბჭო გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები