რა შემთხვევაში დაიწყება COVID 19-ზე 12-დან 16-წლამდე ასაკობრივი ჯგუფის ვაქცინაცია – თამარ გაბუნიას განმარტება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, COVID 19-ზე ბავშვთა ვაქცინაციის საკითხზე ჯანდაცვის სამინისტროს მშობლები ხშირად მიმართავენ.
მისი თქმით, როგორც კი იქნება შესაბამისი დასკვნები და საკმარისი მტკიცებულებები ბავშვების ვაქცინაციის შესახებ, საქართველოში 12-დან 16-წლამდე ასაკობრივი ჯგუფის აცრა დაიწყება.
„კარგია, რომ ჩვენ გვექნება ხელმისაწვდომობა „ფაიზერის“ ვაქცინაზე მალევე და შესაძლებელია, მივმართოთ ამ ასაკობრივი ჯგუფისკენ. 12-დან 16-წლამდე ასაკობრივ ჯგუფებზეა დღეს საუბარი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც აქტიურად იყენებენ „ფაიზერის“ ვაქცინასა და „მოდერნას“. ასევე, „ჯონსონი და ჯონსონი“ ატარებს კვლევას ბავშვთა კონტინგენტზე.
მოგვმართავენ განსაკუთრებით მოზარდების მშობლები, ვინც საზღვარგარეთ გეგმავს სწავლის გაგრძელებას. ინტერესი მაღალია და ჯანმრთელობის რისკებიც არის ამ ასაკობრივ ჯგუფში“, – აღნიშნა გაბუნიამ.