სალომე ზურაბიშვილმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა (ვიდეო)

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებს უმასპინძლა.

„ნიჭიერთა ათწლედის“ მოსწავლეებმა ორბელიანების სასახლეში „ქართული მუსიკის საღამო“ გამართეს და ქართველი კომპოზიტორების: ვაჟა აზარაშვილის, დიმიტრი არაყიშვილის, კახა ცაბაძის, სულხან ცინცაძის, ოთარ თაქთაქიშვილის, ალექსი მაჭავარიანის, ანდრია ყარაშვილის, რევაზ ლაღიძის, ნოდარ გაბუნიას ნაწარმოებები წარადგინეს.

საქართველოს პრეზიდენტმა ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და სწავლაში წარმატებები უსურვა.

„მინდა, მოგილოცოთ ყველას ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე! ეს არის თქვენი დღესასწაული და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ დღეს აქ, ორბელიანების სასახლეში ყველა ერთად აღვნიშნავთ!

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ აქ მობრძანდით და მიხარია, რომ აქ ჩაატარებთ კონცერტს. უფრო მეტად სასიხარულოა, რომ ამ დღისთვის მოამზადეთ და წარმოგვიდგენთ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოებებს. იმედი მაქვს, მომავალში ყველას გექნებათ საშუალება, დაუკრათ ქართველი კომპოზიტორების ნაწარმოები არა მხოლოდ საქართველოში, ასევე – საზღვარგარეთაც!

მინდა, ყველას მოგილოცოთ ისიც, რომ „ქართულ ტრადიციულ საეკლესიო მუსიკას/ქართულ გალობას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია!“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები