საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის კვეთის წესებზე თურქეთის საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოში თურქეთის საელჩო თურქეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით საზღვრის კვეთის წესებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:

„კოვიდ-19“-ის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, 2021 წლის პირველი ივნისის მდგომარეობით, თურქეთის ნებისმიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით (სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო) საზღვრის კვეთის წესები შემდეგია: საქართველოდან თურქეთის მიმართულებით საზღვრის კვეთისას (ნებისმიერი სასაზღვრო-გამშვები პუნქტი) საკარანტინო ზომები არ გამოიყენება იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც: საზღვრის კვეთამდე მინიმუმ 14 დღით ადრე ჩაიტარებენ ვაქცინაციას; ან /და წარადგენენ ოფიციალურ დოკუმენტს, რომ კოვიდი გადატანილი აქვთ ბოლო 6 თვის განმავლობაში, ამ შემთხვევაში მათ არ მოეთხოვებათ „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენაც.

პირებზე, რომლებიც თურქეთის საზღვრის კვეთისას ვერ წარადგენენ ვაქცინაციის მოწმობას ან „კოვიდ-19“-ის გადატანის შესახებ ოფიციალურ დოკუმენტს, გავრცელდება შემდეგი წესები: „აღნიშნულმა პირებმა უნდა წარადგინონ საზღვრის კვეთამდე ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხი, ან საზღვრის კვეთამდე ბოლო 48 საათში ჩატარებული ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი.

თურქეთის ტერიტორიაზე შესული ვიზიტორები, მათი დანიშნულების ადგილის მიხედვით, შეიძლება, დაექვემდებარონ შერჩევით (Sampling) „პისიარ“ ტესტირებას, რომელსაც ჩაატარებს ჯანმრთელობის სამინისტრო.

ამ შემთხვევაში, ვიზიტორები ჩააბარებენ ტესტის მასალას, რის შემდეგაც მათ მიეცემათ დანიშნულების ადგილას გამგზავრების უფლება. თუ ტესტის პასუხი პოზიტიური აღმოჩნდება, ჯანდაცვის სამინისტრო „კოვიდ-19“ რეგულაციების შესაბამისად უზრუნველყოფს მათ მკურნალობას. ტესტის დადებითი შედეგების მქონე პირებთან მჭიდრო კონტაქტში მყოფები დაექვემდებარებიან 14-დღიან კარანტინს მათ მიერ მითითებულ მისამართებზე. კარანტინი დასრულდება იმ შემთხვევაში, თუ მეათე დღის ბოლოს ჩატარებული „პისიარ“ ტესტის პასუხი იქნება ნეგატიური. იმ პირების საკარანტინო პერიოდი, რომლებსაც დაუდასტურდებათ, რომ არიან B.1.617 მუტანტის მატარებლები, დასრულდება მე-14 დღის ბოლოს ჩატარებული „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხის საფუძველზე.

თვითმფრინავის /გემის ეკიპაჟის წევრები, საკვანძო პოზიციის მეზღვაურები და სატვირთო მანქანების მძღოლები თავისუფლდებიან SARS-CoV-2 PCR ტესტირებისა და კარანტინისგან“, – აღნიშნულია საელჩოს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები