„როცა ნასვამი ჯდები საჭესთან, პოტენციური მკვლელი ხარ“ – მევლუდ მელაძე არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სანქციების შესაძლო გამკაცრებას აფასებს

“ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სიკვდილიანობა და ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება, როგორც წესი, საჭესთან ნასვამ მძღოლსა და სიჩქარის გადამეტებას მოჰყვება ხოლმე”, – ამის შესახებ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე “საქართველოს საავტომობილო ფედერაციის” ვიცეპრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ განაცხადა.

მელაძემ ის კანონპროექტი შეაფასა, რომელიც პარლამეტშია წარდგენილი და არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

„არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სანქციების გამკაცრების შესახებ მსჯელობა ძალიან დიდი ხანია, მიმდინარეობს. ვიტყოდი, რომ ის სიახლეები, რაც კანონპროექტითაა გათვალისწინებული, შედარებით რბილია, ვიდრე – ევროპასა და ამერიკაში. თუ მძღოლი ნასვამ მდგომარეობაში განმეორებით იქნება გაჩერებული, ჯარიმის გაორმაგება ხდება. შეიძლება, ეს ყველაფერი პატიმრობითაც კი დასრულდეს. თუ დარღვევა განმეორებულია, მძღოლს 5-დან 15-დღემდე პატიმრობაც კი შეიძლება, მოუწიოს. შედარებისთვის: ევროპის ბევრ ქვეყანასა და აშშ-ში კანონმდებლობა გაცილებით მკაცრია. რიგ შემთხვევებში 6 თვე და შეიძლება, 1 წელიც კი მოუწიოს მძღოლს საპატიმროში ყოფნა. გააჩნია, რამდენად დიდი იყო დარღვევა და რა მოჰყვა ამას. მე ვფიქრობ, ამ წესების გადმოღება პირდაპირ შეიძლებოდა. შეიძლებოდა, საპატიმრო ღონისძიება 6 თვემდე ყოფილიყო და ეს მოსამართლეს განესაზღვრა. როცა იცი, რომ პატიმრობა შეიძლება, მაქსიმუმ 15 დღე იყოს, ეს მაინც არ არის საკმარისი ბერკეტი იმისათვის, რომ შეგაჩეროს. ქართული მენტალიტეტიდან გამოდინარე, შეიძლება, ასეთი მიდგომაც ჰქონდეთ – 15 დღეს ყველაფერს ავიტანთო.

შეიძლება, ბევრმა თქვას, რომ არასწორია ის, რასაც ახლა მე ვამბობ, მაგრამ, მოდი, მეორე მხრიდანაც შევხედოთ: თუ სტატისტიკასა და რიცხვებს დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ შეჯახების შემდეგ ბევრი ფატალური დასასრულის მიზეზი სწორედ ნასვამი მძღოლია.
ქართული ეკონომიკა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ჯარიმები მაღალი იყოს. მაგრამ ჯარიმები არ არის იმისათვის, რომ აქედან ვიღაცამ დამატებით სარგებელი ნახოს. ჯარიმები არის იმისათვის, რომ ქცევის შემაკავებელი ბარიერი უფრო მაღალი იყოს. რაც უფრო მაღალია ბარიერი, ამ ბარიერზე გადახტომას უფრო ნაკლებად ეტანები. ვფიქრობ, ეს ეს ბარიერი სწორედ საპატიმრო დღეების ნაწილში უნდა იყოს უფრო მაღალი. ეს ნამდვილად იქნებოდა შემაკავებელი“, – განაცხადა მელაძემ.

მისივე თქმით, საჭესთან ნასვამი მძღოლი პოტენციური მკვლელია.

„შეიძლება, ძალიან უხეშად ჩანდეს, რომ მძღოლმა საჭესთან ნასვამი დაჯდომა პატიმრობით უნდა დაასრულოს, მაგრამ სიცოცხლე არ უნდა გავრისკოთ.
რას მოგვიტანს ეს მიდგომა და რას მოგვიტანდა, უფრო მკაცრი რომ ყოფილიყო: მძღოლი ნასვამ მდგოამრეობაში საჭესთან დაჯდომას მოერიდებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საგზაო შემთხვევების ალბათობა გაცილებით ნაკლები იქნება. ხშირ შემთხვევაში, საჭესთან ნასვამ მძღოლს ფატალური დასასრული მოჰყვება ხოლმე. როცა ნასვამი ჯდები საჭესთან, პოტენციური მკვლელი ხარ.
ავტოსაგზაო შემთხვევების დროს სიკვდილიანობა და ადამიანების ჯანმრთელობის დაზიანება, როგორც წესი, საჭესთან ნასვამ მძღოლსა და სიჩქარის გადამეტებას მოჰყვება“, – განაცხადა მელაძემ.

ცნობისთვის, კანონპროექტი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა – ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შეიტანეს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლში, კერძოდ, იცვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი და სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა“.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.

დოკუმენტის თანახმად, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილის ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილში განხორცილებული ცვლილების თანახმად, ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1500 ლარისა”- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
ინიციატივის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა.

ასევე, წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა განპირობებულია, იმ გარემოებით, რომ შემცირდეს ავტოტრანსპორტის მართვისას მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა, რაც უმეტესად გამოწვეულია სატრანსპორტო საშუალების მართვით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემის გამო ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის“, – აღნიშნავენ ცვლილებების ინიციატორები.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები