„არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სანქციების გამკაცრება ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს“ – ირაკლი იზორია

”არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სანქციების გამკაცრება ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს. ავარიების თითქმის 20 % -ის მიზეზი მძღოლის ნასვამი მდგომარეობაა”, – ამის შესახებ ფონდ “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” დირექტორმა, ირაკლი იზორიამ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იზორიამ ის კანონპროექტი შეაფასა, რომელიც პარლამეტშია წარდგენილი და არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს.

„სამოქალაქო ორგანიზაციები ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომაროებაში ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის პრობლემასთან დაკავშირებით წლებია, ვსაუბრობთ. ჯარიმების მომატებასა და რეგუალციების შეცვლას ადრეც ვითხოვდით. როგორც მახსოვს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავსი ინიციატივა ორი წლის წინ ჰქონდა, სამუშაო ჯგუფში ჩვენი ფონდიც იყო ჩართული და კანონმდებლობის გამკაცრებას მხარს ვუჭერიდით.

დღეს პარლამენტში შეტანილია ინიციატივა, რაც ნასვამობაზე სანქციების გამკაცრებას, ჯარიმების გაზრდას გულისხმობს. დღევანდელი კანონმდებლობით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვაზე 6 თვით მართვის უფლების შეჩერება მოქმედებს. ახალი კანონპროექტით, ეს ვადა უკვე 1 წლამდე იზრდება. რაც შეეხება რეციდივს, ანუ დარღვევის მეორეჯერ განმეორებას, თუ ამ შემთხვევაში დღეს ერთი წლით მართვის უფლების შეჩერება და 700-ლარიანი ჯარიმაა დაწესებული, ახალი კანონპროექტით, ეს ერთწლიანი ვადა ძალაში რჩება, 700-ლარიანის ნაცვლად კი 2000 -ლარიანი ჯარიმა და 5-დან 15-დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობაა გათვალისწინებული.

ეს კანონი დარღვევებზე სანქიციების გაზრდას მოპედის მძღოლებისთვისაც ითვალისწინებს. თუ ადამიანი მოპედით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გადაადგილდება, დღევანდელი კანონით 150- ლარიანი ჯარიმა ეკუთვნის, თუმცა, ახალი კანონპოექტით 300-ლარიანი ჯარიმაა გათვლილი“, – განაცხადა იზორიამ.

მისივე თქმით, ორგანიზაცია “პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის” კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებში ჩაერთვება.

იზორია კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრების მომხრეა.

„საკომიტეტო მოსმენებს დავესწრები. გვაქვს მოსაზრება, რომ სანქციების უფრო გამკაცრებაც მოვითხოვოთ. თუმცა, ის კანონპროექტიც კარგია პრევენციისთვის, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში უკვე შეტანილია.
ევროპული ქვეყნების მაგალითებს რომ გადავხედოთ: ზოგადად, ევროპული კანონმდებლობით ნასვამობის პრევენცია მაღალი ჯარიმებით ხდება. ასევე პირველივე შემთხვევაში სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა გათვალისწინებულია. ადამიანი ციხეში 2 ან 3 წლამდე ვადით მიდის. თუმცა, ჩვენს შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობაზეა საუბარი.

ვფიქრობ, აღნიშნულ კანონპოექტს მხარს სხვა სამოქალაქო ორგანიზაციებიც დაუჭერენ, რადგან საქართველოში ბოლო წლებში ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკური მაჩვენებლები გაზრდილია. მოგეხსნებათ, 2020 წელს 450 ადამიანი გარდაიცვალა და დაახლოებით 7 000-მდე ადამიანი მძიმედ დაშავდა. რაც შეეხება 2021 წელს პირველი კვარტლის მონაცემებს: მართვის უფლება დაახლოებით 4 700 ადამიანს შეუჩერდა. წარმოიდგინეთ, რამდენად ბევრი სამართლებრივი დარღვევის ფაქტები ხდება, როცა ადამიანი ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში გადაადგილდება. საგზაო შემთხვევებიდან გამომდინარე, პირველ კვარტალში დაახლოებით 100 -მდე ადამიანი დაიღუპა.
2020 წლის მონაცემებით, სიმთვრალის გამო სიკვდიალიანობის მაჩვენებელი დაახლოებით 15-20%-მდეა. ვფიქრობ, ის სტატისტიკა, რაც დღეს გვაქვს, სრულფასოვანი არაა, საქართველოს გზებზე უფრო მეტი ადამიანი იღუპება და შავდება.

არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სანქციების გამკაცრება ავტოსაგზაო შემთხვევებს შეამცირებს. ავარიების თითქმის 20 % -ის მიზეზი მძღოლის ნასვამი მდგომარეობაა. თუ ნასვამობის პრევენციას გავაუმჯობესებთ, საგზაო-სატრანსპროტო შემთხვევები შემცირდება.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საგზაო – სატრანსპროტო შემთხვევებით გამოწვეული სიკვდილიანობა და ტრავმატიზმი ეპიდემიის ერთერთ სახედ აღიარა. აქვე მინდა, ვთქვა, რომ აუციელბელია სახლემწიფომ სპეციალური პროგრამებიც შეიმუშოს. მაგალითად, ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ნასვამობაზე სამწლიანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ეს პროექტი დამრღვევი მძღოლების გადამზადებასა და მათთვის სპეციალური კურსს ითვალისწინებს, რათა შემდგომში დარღვევა არ ჩაიდინონ. შსს-სთან კომუნიკაცია დაწყებული გვაქვს და დიდი იმედი გვაქვს რომ ამ კუთხით თანამშრომლობა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი იზორიამ.

ცნობისთვის, კანონპროექტი, რომელიც არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებს, პარლამენტში პარტია „მოქალაქეების“ ლიდერებმა – ალეკო ელისაშვილმა და ლევან იოსელიანმა შეიტანეს.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ „კანონპროექტით ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლში, კერძოდ, იცვლება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა“ ქვეპუნქტი და სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში, ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდებისთვის, პასუხისმგებლობად განისაზღვრება სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერება, ნაცვლად 6 თვისა“.

ამასთან, კანონპროექტის თანახმად, მოპედის მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ნაცვლად 150 ლარისა.

დოკუმენტის თანახმად, მართვის უფლების შეჩერების პერიოდში სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან სატრანსპორტო საშუალების მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ადმინისტრაციულ პატიმრობას 5 დღიდან 15 დღემდე ვადით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდას, ნაცვლად მძღოლის დაჯარიმებისა 700 ლარის ოდენობით და სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერების ვადის 1 წლით გაზრდისა.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის მე-3 ნაწილის ცვლილების თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა. ხოლო, ამავე მუხლის მე-4 ნაწილში განხორცილებული ცვლილების თანახმად, ამავე სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა 1 წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1500 ლარისა”- წერია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ინიციატივის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა წინასწარი შეცნობით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში მყოფი პირისათვის გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, ნაცვლად 1000 ლარისა.

ასევე წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, მოპედის მართვა ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ან მოპედის მართვისას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, გამოიწვევს მძღოლის დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.

„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანა განპირობებულია, იმ გარემოებით, რომ შემცირდეს ავტოტრანსპორტის მართვისას მომხდარი უბედური შემთხვევების რაოდენობა, რაც უმეტესად გამოწვეულია სატრანსპორტო საშუალების მართვით ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში, ანდა სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემის გამო ასეთ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის“, – აღნიშნავენ ცვლილებების ინიციატორები.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები