კახა კალაძე – ,,ნაცმოძრაობაზე”: მათაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებები იყო დიდი ტყუილი და საბოლოოდ მოუწიათ თავიანთი სიტყვის შეცვლა
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული განცხადებები იყო დიდი ტყუილი, ამიტომაც, ,,ნაციონალურ მოძრაობას” საბოლოოდ მოუწია თავისი სიტყვის შეცვლა.
მისივე თქმით, აღნიშნული განცხადებები პარლამენტში არშესვლის საბაბი იყო.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან არაერთხელ იყო შეთავაზებები, მომხდარიყო კონკრეტული უბნების გადათვლა, ასევე, შექმნილიყო საგამოძიებო კომისია პარლამენტში, რომელიც ნახავდა ყველა უბანს, დაითვლიდა ხმებს, რადგან რეალურად მათაც ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ეს იყო დიდი ტყუილი, საბოლოოდ მოუწიათ თავიანთი სიტყვის შეცვლა.
პირადად ჩვენი გუნდისთვის არაფერი შეცვლილა. „ნაციონალური მოძრაობა“, სამწუხაროდ, არის დესტრუქციული ძალა, რომლის სურვილია, ზოგადად, რომ ქვეყანაში იყოს არეულობა, დესტაბილიზაცია და ასე შემდეგ. გვახსოვს მათი ლიდერების მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადება, არაერთი კონკრეტული ნაბიჯი ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. ამის მიუხედავად, შარლ მიშელის მიერ წარდგენილ დოკუმენტს ხელს არ აწერენ.