ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, “ნაცმოძრაობას” უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ “ნაციონალურ მოძრაობას” უკან დახევა და შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს.
“თუ ხელს არ მოაწერენ, ვერ მიიღებენ მონაწილეობას ვერც ერთი სამუშაო ჯგუფის მუშაობაში, რომელიც მიშელის დოკუმენტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების მოსამზადებლად არის შექმნილი ან მომავალში შეიქმნება. თუ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელი არ მოეწერება, ისინი ვერ ისარგებლებენ ვერც ერთი პრივილეგიით, რომელსაც ეს დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს. დარწმუნებული ვარ, “ნაციონალურ მოძრაობას”, საბოლოოდ, ამ შემთხვევაშიც უკან დახევა და მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს”, – აცხადებს კობახიძე.
“ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიამ პოლიტსაბჭოს გუშინდელ სხდომაზე მიიღო. თუმცა, „ნაციონალური მოძრაობა“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გაფორმებულ შეთანხმებას ხელს არ აწერს.