ბექა ოდიშარიამ უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს დიასპორის დღე მიულოცა
„დიასპორა, ეს არის მეორე უზარმაზარი საქართველო. დადგა დრო, რომ დიასპორა გახდეს მთავარი მაგენერირებელი. თქვენ უნდა იყოთ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ, სერიოზული გავლენა იქონიონ საქართველოს უკეთეს მომავალზე”, – ასე მიმართა დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის თავმჯდომარემ, ბექა ოდიშარიამ დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს.
ბექა ოდიშარიას თქმით, როდესაც ქვეყანა ახალი გამოწვევების წინაშე დგას, დიასპორის თითოეული წარმომადგენლის ინიციატივა და შესაძლებლობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„თქვენ, სხვადასხვა საჭიროების გამო, სხვადასხვა დროს დატოვეთ ეს ქვეყანა. მაშინ სხვა გამოწვევები, სხვა ქვეყანა, სხვა მთავრობა და სხვა მიდგომები იყო. დღეს თქვენ სამშობლოში აბსოლუტურად განსხვავებული ნიადაგი გელოდებათ. განსხვავებული მიდგომა მთავრობის მხრიდან, განსხვავებული შესაძლებლობები. თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც არ შეუშინდებით პანდემიას და არც სხვა რამეს და თქვენი თითოეული ინიციატივა იქნება ფასდაუდებელი”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ონლაინ-ფორუმს „ახალი დიასპორა-ერთიანი საქართველოსთვის” საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე – კახა კუჭავა და პარლამენტის წევრები ესწრებოდნენ.