პოეტი ჯარჯი ფხოველი გარდაიცვალა

78 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი ქართველი პოეტი ჯარჯი ფხოველი (დავით ციგროშვილი),
ჯარჯი ფხოველი დუშეთის რაიონის სოფელი არახიჯაში დაიბადა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი.
ჯარჯი ფხოველი ავტორია პოეტური კრებულებისა: „100 ლექსი“, „შავი რვეული“, „ფურცლები“, „დილის არაყი“, „ჩაძირული არქიპელაგია“,  „უდაბნოს წიგნი“ და სხვა.

შენზე იტყვიან

შენზე იტყვიან: ჰგავდა განდეგილს
და დროის ქაფი ფეხზე ეკიდა!
ბოლოს უფსკრულის პირას დადექი,
ცა გამოთალე მთვარის ნეკნიდან;
და მზეს მიეცი, რაც შენ გერგება,
ამქვეყნად შენთვის რაც გაიმეტეს:
ცაში ნაკრები ლექსის ნერგები,
ისიც, რაც კლავდა კაცის იმედებს:
ის სიძულვილი და ის ღალატი,
დაბადებიდან თავს რომ დაგწივის,
ეკლით ნაკერი შენი ხალათი
და უიღბლობის შავი არწივი!
საცაა თვალი უნდა მილულო,
თქვი ბოლოსიტყვა, მზის საზიარო:
მშვიდობით, ყოფავ განდეგილურო,

მშვიდობით, ჭალავ არაგვიანო!

ჯარჯი ფხოველი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები