ირაკლი კობახიძე: გახარიას გუნდში არის ექვსი დეპუტატი, ზოგი – კლასელი, ზოგი – მეგობარი, ეს არის მთელი რესურსი
“გახარიას გუნდში არის ექვსი დეპუტატი. ზოგი – კლასელი, ზოგი – მეგობარი, ეს არის მთელი რესურსი”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე გიორგი გახარიას გუნდის შესაძლო დაფინანსებაზე ,,ქართული ოცნებისა” და ,,ნაცმოძრაობის” ბრალდებების შესახებ, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ არცერთხელ „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ვიღაც მას აფინანსებს.
,,არ მახსენდება არცერთი ასეთი ბრალდება. ჩვენ არასდროს არავისთვის დაგვიბრალებია ასეთი რამ. სადაც ვიცით, რომ ვიღაც ვიღაცას აფინანსებს, იქ ვამბობთ ხოლმე, მაგრამ არცერთხელ „ქართული ოცნების“ არცერთ წარმომადგენელს არ უთქვამს, რომ ვიღაც მას აფინანსებს.
მე ამ ყველაფერში ვერ შევალ. ერთადერთი, რაც შემიძლია, გითხრათ, რომ კონკრეტული ტელევიზიები აპიარებენ ე.წ. გუნდს და ტელევიზიების არსიდან გამომდინარე, შეგვიძლია, დაახლოებით ვარაუდი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, პოლიტიკურად ვისთან შეიძლება იყოს ის დაკავშირებული.
მის გუნდში არის ექვსი დეპუტატი. ზოგი – კლასელი, ზოგი – მეგობარი, ეს არის მთელი რესურსი. ამ არჩევნებში ჩვენ დასახულ მიზანს მივაღწევთ, ვის რა მიზანიც უნდა ჰქონდეს“, – განაცხადა კობახიძემ.