ოთარ ანგურიძე: ტარიფის ზრდა მოსალოდნელი იყო, ასეთ პირობებში არჩევანია გასაკეთებელი ტარიფის გონივრულ ზრდასა და მიწოდების რისკებთან დაკავშირებით
“ტარიფის ზრდა მოსალოდნელი იყო,” – ასე გამოეხმაურა თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ოთარ ანგურიძე სემეკ-ის გადაწყვეტილებას, რომელიც დედაქალაქისთვის ბუნებრივი აირის სამომხმარებლო ტარიფის მატებას შეეხება.
ექსპერტის განცხადებით, ტარიფის მატება სასიამოვნო პროცესი არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, როდესაც ჩვენთვის გაზი არის იმპორტული პროდუქტი, შეუძლებელია ტარიფებზე არასაბაზრო წესებით გავლენის მოხდენა.
“თბილისში გაზის ტარიფი 2017 წლიდან არ შეცვლილა. თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში გაიზარდა აბონენტების რაოდენობა და მოხმარება. მაგალითად, თუნდაც 2020 წელს უფრო მეტი გაზი სჭირდებოდა თბილისის მოსახლეობას, ვიდრე 2017 წელს. რასაც ასევე ემატება ის ახლადწარმოქმნილი რისკები, რაც განპირობებულია პანდემიასა და ლარის გაუფასურებასთან. წლების მიხედვით თუ განვსაზღვრავთ, 18%-იანი ზრდა ფიქსირდება.
ტარიფის ზრდა მოსალოდნელი იყო. ასეთ პირობებში არჩევანია გასაკეთებელი ტარიფის გონივრულ ზრდასა და მიწოდების რისკებთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.