გოლეთიანი “ნაცმოძრაობის” წევრ ხვედელიანთან შეხვედრას ადასტურებს – “აქ მოსვლის ჟესტი სოლიდარობას ნიშნავს”

“კვირას” მიერ ექსკლუზიურად მოპოვებულ ფოტომასალასთან დაკავშირებით, სადაც ვარლამ გოლეთიანისა და “ნაცმოძრაობის” წევრის, გიორგი ხვედელიანის შეხვედრაა ასახული, გოლეთიანი ადასტურებს ფაქტს, თუმცა, ზუსტ დროს ვერ იხსენებს.

“შეხვედრა, რა თქმა უნდა, შედგა. იცით, რომ უამრავი ადამიანი, მათ შორის, პოლიტიკოსები ჩნდებიან აქ აქციებზე, მოდიან. ყველას აქვს თავ-თავისი იდეა, აზრი. არაერთხელ დაუფიქსირებია სხვადასხვა პერსონას. რა არის ამაში კონსპირაციული, სიმართლე გითხრათ, ჩვენ ვერ ვხედავთ და რა არის გასავრცელებელი, რომ თითქოს რამე განსაკუთრებული მოხდა”, – ამბობს გოლეთიანი.

კითხვაზე, თუ რაზე ისაუბრეს მათ კონკრეტულად, “რიონის მცველი” ჟურნალისტებს პასუხობს, რომ მათ პარტიის მხარდაჭერაზე ისაუბრეს.

“დიალოგის დროს ზოგადად მხარდაჭერაზე იყო საუბარი. ზოგადად, უჭერენ მხარს მიმდინარე მოვლენებს და გამომელაპარაკა მე, როგორც რიონის ხეობის ერთ-ერთ მცველს. შეხვედრა აქვე, კარავთან იყო და ეს დამალული არც ყოფილა. რამდენიმე ადამიანი მოვიდა. მხარდაჭერა კი არ გამოგვიცხადა, ალბათ, რომ მოვიდა, აქ მოსვლის ჟესტი სოლიდარობას ნიშნავს. ზუსტი დიალოგი არც მახსოვს, ასე იდენტიფიცირებას ვერც ვახდენ. მედია კი ამბობთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელია, მაგრამ არ არის ბატონი ხვედელიანი ის პერსონა, რომ ყველა ცნობდეს. გამომელაპარაკა და მითხრა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ვარო. მაშინ გავიგე მე ეს”, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე თქმით, მათ პროტესტს ადრე მხარს გიორგი ვაშაძეც უჭერდა.

„სხვათა შორის, ამ ნაწილში მინდოდა, აღმენიშნა, რომ ამ პროექტის წინააღმდეგი იყო გიორგი ვაშაძე და დღეს ვნახეთ, რომ უცებ მომხრე აღმოჩნდა, სატელევიზიო ეთერში დააფიქსირა თავისი პოზიცია. ამიტომ, უბრალოდ კარგია, რომ იცოდეთ, თავიდან ერთხელ ჩამოვიდა ხეობაში. მაშინ ეს საკითხი ასეთი რეზონანსული არ იყო და თავისი მკაფიო პოზიცია დააფიქსირა იმაზე, რომ ეწინააღმდეგება „ნამახვანჰესების“ კასკადის განხორციელებას. ახლა ვნახეთ, რომ მომხრეა, ამიტომ, რაღაც ასეთი ცდომილებაც არსებობს მის მოსაზრებებში“, – აცხადებს გოლეთიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები