21 აპრილს ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერალურ კრებას მიმართა და ტრიბუნიდან მსოფლიოს ქვეყნები „წითელი ხაზების“ გადაკვეთის შესახებ გააფრთხილა: „ყველა, ვინც მიმართავს პროვოკაციას, რაც ჩვენ უსაფრთხოებას დაემუქრება, ინანებს ამის გამო ისე, როგორც არასოდეს.” სინამდვილეში, რუსეთის უსაფრთხოებას პუტინის გარდა არც არავინ ემუქრება. უფრო მეტიც, კრემლი თავად უწყობს პროვოკაციებს დასავლურ ქვეყნებს და მეზობელ სახელმწიფოებს თავს ესხმის. შემდეგ კი ამისთვის სანქციების სახით საზღაურის გადახდაც უწევს. რუსეთის სტაგნაციურმა ეკონომიკამ ვერა და ვერ ამოისუნთქა, ხალხი კი გაუსაძლის გაჭირვებაში ცხოვრობს.
საინტერესოა, რომ პრეზიდენტის სიტყვა შიდა პოლიტიკასა თუ ეკონომიკაში მიმდინარე მოვლენებს უნდა შეხებოდა, თუმცა, პუტინმა ბელარუსსა და უკრაინაზეც ძალიან ბევრი ისაუბრა. მოსკოვი ხომ ამ ქვეყნებს ისედაც პირად საკუთრებად აღიქვამს. გამოსვლის ძირითადი გზავნილი რუსული პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ბანალური მესიჯი იყო – დასავლეთი ქაოსშია. პრეზიდენტის სიტყვა მისივე შექმნილი ისტორიული როლის გაზვიადებას ემსახურებოდა: „თავიდან დაბადებული რუსეთის სახელმწიფოს მამა, რომელიც შინ და გარეთ მორალურად გახრწნილ დასავლეთს ებრძვის.“ მაშინ, როდესაც პუტინი რუსი ხალხის გამოგონილ მტრებზე ზღაპრების მოყოლითა და საკუთარი თავის ქებით იყო დაკავებული, რუსეთის ქუჩებში ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერად გამოსულ მშვიდობიან დემონსტრანტებს ერთმანეთის მიყოლებით აკავებდნენ.
მიმართვისას პუტინმა განაცხადა: „რუსეთის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზანი მშვიდობისა და ჩვენი მოქალაქეების დაცვაა, ჩვენი ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის.“ სინამდვილეში, რუსეთი, სამხედრო თუ სხვა არატრადიციული მეთოდების გამოყენებით, სუვერენული ქვეყნების ეკონომიკასა და პოლიტიკაში ჩარევას მუდმივად ცდილობს. ფსიქოლოგიურ ოპერაციებსა და საინფორმაციო ომს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისთვის იყენებს, რომ დეზინფორმაციის საშუალებით ქვეყნები უბრძოლველად დაიპყროს.
რუსეთი საქართველოსა და უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო ძალასაც იყენებს, ორივე ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული აქვს და ანექსიას ახორციელებს. კრემლი ოკუპირებულ რეგიონებში ყოველდღიურად არღვევს კაცობრიობის უდიდეს მონაპოვარს – ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსი სამხედროები 2008 წლის აგვისტოში ოსების მიერ ეთნიკური ქართველების სახლების გადაწვასა და მათი სიცოცხლის მოსპობას მშვიდად უყურებდნენ. ამიტომ, მომხდარზე პასუხისმგებლობაც მათ ეკისრებათ. ევროპული სასამართლო კონკრეტულ რიცხვსაც ასახელებს – საქართველოს 160 უდანაშაულო მოქალაქე არაადამინური მოპყრობის მსხვერპლი სწორედ რუსეთის გამო გახდა.
რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენელმა, რაშიდ კანჯი-ოღლიმ 2016 წლის 19 მაისს ოკუპირებული გალის რაიონიდან დევნილი გიგა ოთხოზორია აფხაზეთის საოკუპაციო ხაზთან მოკლა. 2018 წელს ოკუპირებული ახალგორის რაიონის საოკუპაციო ხაზთან 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი გაიტაცეს და ოკუპირებულ ცხინვალში წამებით მოკლეს. 2019 წლის 10 მარტს გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა საოკუპაციო ხაზის დარღვევისთვის უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქე. სიცოცხლის, თავისუფალი გადაადგილების, განათლებისა და საკუთრების უფლება, ასევე, არაადამიანური მოპყრობისგან თავისუფლება რუსეთის მიერ საქართველოს, უკრაინისა და სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის წართმეული უფლებების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია. ნათელია, რომ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას რუსეთის მოქალაქეების დაცვასთან არანაირი კავშირი არ აქვს. არავინ ემუქრება სტაბილურობასა და მშვიდობას რუსეთშიც და მსოფლიოშიც ისე, როგორც პუტინის რეჟიმი.
„რუსეთს თავისი ინტერესები აქვს, რომელსაც ჩვენ ვიცავთ და მომავალშიც დავიცავთ საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებში, ისევე როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ. თუ ვინმე ამ მარტივ ჭეშმარიტებას დაივიწყებს, დიალოგზე უარს იტყვის და გადაწყვეტს, რომ ჩვენთან შეუძლია, თავხედობა გამოიჩინოს, რუსეთი ყოველთვის დაიცავს საკუთარ ინტერესებს”, – განაცხადა პუტინმა.
საერთაშორისო სამართლის ჩარჩოებს რუსეთი, სულ მცირე, მაშინ გასცდა, როდესაც 2008 წლის აგვისტოში დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა და ქვეყნის ორი რეგიონი მიიტაცა. რამდენჯერაც უნდა გაიმეოროს რუსეთის პრეზიდენტმა სიტყვა “თავდაცვა”, ფაქტი მაინც იგივე დარჩება – რუსეთი თავს არ იცავს, ის სუვერენულ სახელმწიფოებს თავს ესხმის და ამისთვის, სამხედრო ძალასთან ერთად, ჰიბრიდული ომის ელემენტებსაც იყენებს. კრემლი სხვა ქვეყნების არჩევნებშიც კი ერევა, რომ დასავლურ საზოგადოებაში დემოკრატიული სისტემისადმი რწმენა შეარყიოს, ქაოსი და ვნებათაღელვა გამოიწვიოს. პუტინი დასავლურ სანქციებს „პოლიტიკურად მოტივირებულსა“ და „უკანონოს“ უწოდებს. სინამდვილეში, სანქციები მხოლოდ რუსეთის ქმედებებზე პროპორციული პასუხია.
რუსეთში საპროტესტო აქციების ფონზე, პრეზიდენტის მიმართვა კარგად გვაჩვენებს რუსეთის რეალურ მდგომარეობას. სტაგნაციური ეკონომიკის პირობებში პუტინის მარადიული მეფობით დაღლილი ხალხი ფხიზლდება და კრემლს ეს ძალიან აშინებს. პუტინი კი იმუქრება, მაგრამ სანქციებს რუსეთს უწესებენ და დიპლომატების საფარქვეშ მსოფლიოში გაბნეულ რუს ჯაშუშებსაც ერთმანეთის მიყოლებით აძევებენ და მოსკოვში აბრუნებენ.
ნინო ნაკაიძე