გენერალ კვინიტაძის მემორიალური ნივთები ეროვნულ მუზეუმში დაიდებს ბინას
26 მაისიდან, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი ეროვნული გმირის, ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწის – გენერალ გიორგი კვინიტაძის მემორიალური ნივთების გამოფენას მასპინძლობს.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – 26 მაისს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს, ეროვნულ გმირს, გენერალ გიორგი კვინიტაძეს სამშობლოში, მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. ემიგრაციაში გარდაცვლილი ქართველი გენერლის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებით, მისი ოჯახის წევრებმა გენერლის პირადი ნივთები საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადასცეს.
ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად გამოიფინა გენერალ გიორგი კვინიტაძის ხელნაწერები, იარაღ-საჭურველი, რუკა, პასპორტი, წერილები, პორტრეტი და სხვა მემორიალური ნივთები.