არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციას სურს შეთანხმების შესრულება, მაგრამ – „ქართული ოცნების“ ხარჯზე
“ოპოზიციას სურს შეთანხმების შესრულება, მაგრამ – „ქართული ოცნების“ ხარჯზე”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისი თქმით, თუ ოპოზიცია დღეს იმ გადაწყვეტილების მომხრეა, რომ ეს ამნისტია არ სჭირდებათ და ისინი უარს აცხადებენ ხელმოწერილ დოკუმენტზე, ამის გამბედაობაც უნდა ეყოთ, გამოვიდნენ და საჯაროდ თქვან.
„20 ივნისის მოვლენების ამნისტია ოპოზიციასთან ევროკავშირის მიერ შეთანხმებული პირობაა და არა – „ქართული ოცნების“ მოთხოვნა. ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი მოაწერა. შესაბამისად, დღეს განსხვავებული ინტერპრეტაციები და თავის მართლება პასუხისმგებლობის პრობლემაზე მიუთითებს.
ოპოზიციას სურს შეთანხმების შესრულება, მაგრამ – „ქართული ოცნების“ ხარჯზე. ამ წლების განმავლობაში პრობლემა არის, რომ ოპოზიციას სურდა და რეალურად აინტერესებდა რეფორმები, რომელიც ქვეყანაში გატარდა, მაგრამ ვერასდროს შეძლო პასუხისმგებლობის აღება, რომ ამ ცვლილებისთვის მხარი დაეჭირა. ეს არის ყველაზე მთავარი სისუსტე ოპოზიციის. რაც შეეხება ნიკა მელიას, საბოლოო საქმეს ეხება მხოლოდ ამნისტია. თუ ოპოზიცია დღეს გახლავთ იმ გადაწყვეტილების მომხრე, რომ ეს ამნისტია არ სჭირდებათ და ისინი უარს აცხადებენ ხელმოწერილ დოკუმენტზე, ამის გამბედაობაც უნდა ეყოთ, გამოვიდნენ და ღიად, საჯაროდ თქვან. სიმართლე არის, რომ სინამდვილეში მათ ახლაც სურთ ამნისტიის მიღება, მაგრამ პასუხისმგებლობას ვერ იღებენ და სიმართლეს საკუთარ მხარდაჭერებს ვერ ეუბნებიან, რომ ეს მათ, პოლარიზაციის შემცირებას სჭირდება და არა – „ქართულ ოცნებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.