ირინა ტაბაღუას სადებიუტო წიგნის წარდგენა გაიმართება
27 მაისს, 19 საათზე, მწერალთა სახლში ირინა ტაბაღუას სადებიუტო პოეტური კრებულის – „ტელეფას ცხვარის“ წარდგენა გაიმართება.
გიორგი ლობჟანიძე: „ლექსის წერა ჩვენს დროში საერთოდაც ჰგავს ალესილი სამართებლის პირზე სიარულს: იმდენი სიფაქიზე და ისეთი შინაგანი წონასწორობა სჭირდება იმ განცდების მკითხველამდე სწორად მიტანას, რაც განუწყვეტლივ თუხთუხებს კაცის გულში, რომ ძალიან ხშირად პოეტები სწორედ აქ მარცხდებიან, ამ ორი რამის – მხურვალე განცდებისა და მათი გამოხატვის ფორმათა დაბალანსებაში.
საკვირველია, რომ ირინე ტაბაღუა თავისი შესანიშნავი პირველი წიგნით ისე გაივლის ჩვენ თვალწინ ამ ალესილ სამართებელზე, რომ არც მის ფრაზას, არც მის შინაგან წონასწორობასა თუ იმ ბალანსს, რომელზედაც ზემოთ მოგახსენეთ, ოდნავი ბორძიკი, სულ მცირე განაკაწრიც კი არსად დააჩნდება. ალბათ სწორედ ეს არის ნიჭი და ოსტატობა: ისე მოჰყვე შენი ყველაზე ინტიმური განცდების შესახებ, რომ უხერხულობის განცდა არავის დაუტოვო, ყველაზე წინააღმდეგობრივად განწყობილი ადამიანიც კი თანამგრძნობელად და თანამოაზრედ მოაქციო, პოეზიის დიდებულებასა და უალტერნატივობაში დაარწმუნო. მიხარია, რომ ასეთი ღრმა, საინტერესო პოეტი მოვიდა ქართულ ლიტერატურაში“,.