არჩილ თალაკვაძე: მართლმსაჯულების სისტემა დღეს ბევრად დამოუკიდებელია, ვიდრე იყო წლების წინ
“საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დღეს არის ბევრად დამოუკიდებელი, თავისუფალი, ვიდრე ეს იყო წლების წინ იმ ოპონენტების ადმინისტრაციის პირობებში, რომლებიც პარლამენტში არ შემოდიან”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სასამართლო რეფორმა არ არის ის სფერო, რომელიც ერთ ან ორ დღეში ხორციელდება.
„არსებობს შეთანხმება და მისი ტექსტი. ტექსტის წაკითხვა განსხვავებულად არის შეუძლებელი, თუ ოპოზიციას სურს ამაზე რაიმე არსებითი განხილვის გაკეთება, ამისთვის, პირველ ყოვლისა, საჭიროა პარლამენტში სხდომებზე დასწრება, დისკუსიის უზრუნველყოფა, კითხვების დასმა, პასუხების მიღება. სასამართლო რეფორმა არ არის ის სფერო, რომელიც ერთ ან ორ დღეში ხორციელდება. ჩვენ წლების განმავლობაში გადავდგით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომ სასამართლოს სისტემის დამოუკიდებლობა, ეფექტიანობა გაუმჯობესებულიყო, საერთაშორისო მნიშვნელოვან ანგარიშებში საქართველოს სასამართლო სისტემა შესულია ევროპის საუკეთესო ოცეულში, რიგ შემთხვევაში იკავებს მე-14-16 ადგილებს, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა დღეს გახლავთ ბევრად დამოუკიდებელი, თავისუფალი, ვიდრე ეს იყო წლების წინ იმ ოპონენტების ადმინისტრაციის პირობებში, რომლებიც თან პარლამენტში არ შემოდიან, თან პასუხისმგებლობას ვერ იღებენ ვერანაირ გადაწყვეტილებებზე სასამართლოს რეფორმაში და თან უნდათ გარე შეძახილებითა და ზედაპირული ოპონირებით გავლენა მოახდინონ ამ პროცესზე, ვგულისხმობ იმ ოპოზიციას, რომელიც პარლამენტში კიდევ ვერ ბედავს შემოსვლას”, – განაცხადა თალაკვაძემ.