არჩილ თალაკვაძე: გზების გადაკეტვა, დედაქალაქის პარალიზება ვთვლი, რომ არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები

“ხელისუფლების მხრიდან როდესაც სრული მზადყოფნაა დიალოგისთვის, გზების გადაკეტვა და დედაქალაქის პარალიზება არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ “ნამოხვანჰესის” მოწინააღმდეგეების აქციასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, ენერგოდამოუკიდებლობა გაზარდოს.

„საქართველოს სტრატეგიული ინტერესი გახლავთ ენერგოდამოუკიდებლობისა და ელექტროგენერაციის გაზრდა, ვინაიდან ყოველწლიური ეკონომიკური ზრდა და ის ეკონომიკური განვითარება, რომელიც ჩვენ შემდეგ წლებში გვექნება, ბუნებრივად და ავტომატურად ითხოვს ზრდის მოთხოვნას ელექტროენერგიაზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ქვეყანაში ყოველწლიურად ეკონომიკურ ზრდას და ყოველ ახალ სამუშაო ადგილს პროპორციულად სჭირდება დამატებითი ელექტროენერგია. საქართველოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, გაზარდოს ენერგოდამოუკიდებლობა, ეს შესაძლებელი არის ენერგეტიკული პროექტებით.

რაც შეეხება კონკრეტულად „ნამოხვანის“ პროექტს, აქ ცალსახაა, რომ გადაწყვეტილების გადახედვა და მისი განხილვა, ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს საზოგადოებრივი ინტერესებისა და გარემოსდაცვითი ინტერესების მიხედვით. ვთვლი, რომ მთავრობის წინადადებები და პრემიერმინისტრის ღია და მკაფიო განცხადებები როგორც გარემოს ზიანთან, ასევე კონტრაქტთან დაკავშირებით, რომ მოხდებოდა დამატებითი შეფასებები და გამოცხადდებოდა მორატორიუმი, ეს პირობები თავისთავად მიუთითებს, რომ ხელისუფლების დამოკიდებულება მოქალაქეების მიმართ იმთავითვე გახლდათ დიალოგი და ყოველ პროტესტს ჩვენი ხელისუფლება ეკიდება ყოველთვის ყურადღებით. მეორეს მხრივ, როდესაც საუბარია რაიმე ტიპის მოთხოვნებზე, ულტიმატუმებზე, რომელიც ეწინააღმდეგება დიალოგის პრინციპს, უნდა გვესმოდეს, რომ ამ ფორმატში, ამ ფორმით ურთიერთობა სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის, მხოლოდ ზიანს აყენებს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენი ქვეყნის განვითარებას. დამატებითი გზების გადაკეტვა და დედაქალაქის პარალიზება არ არის კონსტრუქციული ნაბიჯები, როდესაც ხელისუფლების მხრიდან სრული მზადყოფნაა გამოთქმული დიალოგისთვის“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები