საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მხატვარ შმაგი სავანელის გარდაცვალების გამო
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი სცენოგრაფის, საქართველოს დამსახურებული მხატვრის შმაგი სავანელის გარდაცვალების გამო.
ფარნაოზ ლაპიაშვილის მოწაფე შმაგი სავანელმა კარიერის დასაწყისშივე მიიქცია თეატრალთა ყურადღება. მისი გაფორმებული სპექტაკლებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია: „ამჰერსტის მშვენება“, „ირინეს ბედნიერება“, „გასაღები“ – რუსთაველის თეატრში, „ბახტრიონი“, „სამგროშიანი ოპერა“, „ქაქუცა ჩოლოყაშვილი“, „პიგმალიონი“, „კოტე მარჯანიშვილი“ – მარჯანიშვილის თეატრში, „ფურნე“, „ბაღლინჯო“, „კაცის ტვირთი“ – მეტეხის თეატრში, „ზღვა რომელიც შორია“ – სოხუმის თეატრში.
შმაგი სავანელმა გააფორმა 100-მდე სპექტაკლი საქართველოს თითქმის ყველა თეატრში. აქტიურად თანამშრომლობდა რეზო გაბრიაძესთან მარიონეტების თეატრში; მონაწილეობდა მიტელბახის, ავინიონის, ედინბურგის, რომის, მეხიკოს, ბერლინის, მადრიდის თეატრალურ ფესტივალებში; ტალინის, საარბრიუკენის, სანკქტ-პეტერბურგის, ვილნიუსის, ბერლინის გამოფენებში, პრაღის კვადრიენალეში.
შმაგი სავანელის გარდაცვალებით ქართულმა სცენოგრაფიულმა სკოლამ დიდი დანაკლისი განიცადა.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო თანაგრძნობას უცხადებს განსვენებულის ოჯახსა და საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას.