„ქალაქი“ – წიგნის წარდგენა გაიმართება
24 მაისს, 17:00 საათზე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია წიგნის „ქალაქის“ წარდგენას გამართავს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, 2015-2016 წლებში ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს მხარდაჭერით“ „სოვლაბმა“ ჩაატარა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1918-1919 წლებში განხორციელებული რეგიონული თვითმმართველობის რეფორმის კვლევა, რის შედეგადაც გამოიცა წიგნი – „ერობა”.
„თვითმმართველობის სისტემის რეფორმის ისტორიის მასშტაბურობიდან გამომდინარე, კვლევის შემდეგ ეტაპად – საქალაქო თვითმმართველობის ისტორიის კვლევა დაიგეგმა.
2017-2020 წლის განმავლობაში „ღია საზოგადოება – საქართველოს მხარდაჭერით“ ჩვენ გავაგრძელეთ კავკასიის და საქართველოს ქალაქებში 1917 წლიდან განხორციელებული თვითმმართველობის სისტემის ფუნდამენტური რეფორმის კვლევა და ანალიზი.
„სოვლაბის” საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის საგამომცემლო სერიის მესამე წიგნი – „ქალაქი; საქალაქო თვითმმართველობის რეფორმა და მუნიციპალური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1917-1921″ სწორედ ამ უმნიშვნელოვანეს პროცესზე მოგვითხრობს და აჩვენებს იმ უმძიმეს გამოწვევებს, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დაფუძნებისას ჰქონდათ საქალაქო თვითმმართველობებს და რამდენად გაბედული რეფორმების დანერგვითა და განუწყვეტელი შრომით მიაღწიეს რესპუბლიკის ქალაქებმა პრაქტიკაში ეჩვენებინათ დემოკრატიული საქალაქო თვითმმართველობის იდეის სიცოცხლისუნარიანობა და წარმატება“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
წიგნი „ქალაქი. საქალაქო თვითმართველობის რეფორმა და მუნიციპალური პოლიტიკა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში 1917-1921″ გამოცემულია „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მიერ, ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველოს” მხარდაჭერით.
ღონისძიება ქალაქ თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ჩატარდება.
კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გამო დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ღონისძიება ქალაქ თბილისის საკრებულოს თამარ მეფის სახელობის დარბაზში ჩატარდება.
კოვიდპანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გამო დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია.
ინფორმაცია მკითხველისთვის:
24-27 ივნისს გაიმართება თბილისის წიგნის ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იქნება სოვლაბის გამოცემები. ხოლო აღნიშნული წიგნი უფასოდ დარიგდება.