ევროკავშირის მხარდაჭერის წარმოსაჩენად კარლ ჰარცელი აჭარას ეწვია

19-21 მაისს, ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროკავშირის მიერ რეგიონისთვის გაწეული დახმარების წარმოსაჩენად აჭარაში იმყოფებოდა.

საქართვლოში ევროკავშირის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი ჰარცელი შეხვდა ეკონომიკის და სოფლის განვითარების, ბიზნესის, მეწარმეობის მხარდაჭერის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარებს, აგრეთვე ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს.

„ევროკავშირს სჯერა საქართველოს სიძლიერისა და წარმატების, რაც ასევე გულისხმობს ძლიერ და წარმატებულ აჭარას. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი საქართველოს განვითარების გზაზე მისი ყველაზე მტკიცე პარტნიორია 200–ზე მეტი პროგრამით ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკური განვითარება და განათლება, ინსტიტუციური განვითარება, გარემოს დაცვა და ხალხთა შორის კონტაქტები. ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა ულამაზეს აჭარაში სტუმრობა, დაწყებული ქედის მწვანე მთებიდან, სადაც ჩვენ მხარს ვუჭერთ ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, გაგრძელებული ბათუმის ხმაურიანი ქუჩებით, სადაც ჩვენ ვეხმარებით საზღვაო სექტორს, ბიზნესს და ხელს ვუწყობთ ქალაქის გათანამედროვებას სუფთა ელექტროავტობუსების საშუალებით. მოუთმენლად ველი აჭარლებთან შეხვედრას და ამ მდიდარი და მომხიბლავი რეგიონის უკეთ გაცნობას“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ევროკავშირის საელჩოს ცნობით, ელჩი ჰარცელის ვიზიტი აჭარაში 19 მაისს, დავით გაბაიძესთან, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან შეხვედრით დაიწყო. აჭარის უმაღლესმა საბჭომ ევროკავშირის დახმარება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ განხორციელებული პროექტის საშუალებით მიიღო. პროექტი მიზნად ისახავს განვითარების მრავალწლიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებას, განხორციელებას და ღია მმართველობის თანამედროვე პრინციპების დანერგვას.

,,20 მაისს, ელჩი ჰარცელი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული და CENN-ის მიერ განხორციელებული ოთხწლიანი პროექტის „ქედა ლიდერის”-ის შედეგების გასაცნობად ქედის მუნიციპალიტეტს ეწვია. პროექტის ფარგლებში შეიქმნა ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, შემუშავდა ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და დაფინანსდა სტრატეგიის მიზნების შესაბამისად შერჩეული ადგილობრივი განვითარების 97 ინიციატივა, რამაც 300-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შექმნა. ელჩი ჰარცელი ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს შეხვდა და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ექვსი პროექტი მოინახულა, მათ შორის ჩირების საწარმო „კერკი“, საოჯახო სასტუმრო და ღვინის მარანი „შატო ივერი“, ლაქშერი კემპინგი „ჰილ ინნ“, დაბა ქედის საჯარო სკოლა, ვეტერინარული კლინიკა, ტურისტული კოტეჯები და „შევარდნაძეების ღვინის მარანი“. აღნიშნული ვიზიტის და პროექტების შესახებ ინფორმაცია იხილეთ დამატებით პრეს რელიზში.

21 მაისს, კარ ჰარცელის აჭარაში ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრები ქალაქ ბათუმში:

სამუშაო შეხვედრა სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს (ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) დირექტორთან, თამარ იოსელიანთან. ევროკავშირი მრავალი წელია ეხმარება საქართველოს საზღვაო სექტორს, კერძოდ, ევროკავშირი საქართველოს დაეხმარა ამ სტრატეგიული დარგის განვითარების მიზნით პირველი საზღვაო სტრატეგიის მომზადებაში;
ვიზიტი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში და შეხვედრა აკადემიის რექტორთან, ირაკლი შარაბიძესთან და სტუდენტებთან. ევროკავშირის დახმარებით აკადემია ატარებს ტრენინგებს მეზღვაურებისთვის, რათა მათ შეძლონ დასაქმება საერთაშორისო დროშების, მათ შორის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების დროშების ქვეშ მცურავ გემებზე – 2014 წელთან შედარებით 40%-ით არის გაზრდილი საქართველოს მეზღვაურების დასაქმება უცხო ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებზე;
ელჩი ჰარცელი ასევე დაესწრო ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ LINKS პროექტსა (რომელსაც ახორციელებს UNAG, OSGF, IJH) და აჭარის ოთხ პროფესიულ სასწავლებელს (ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიული კოლეჯი ‘ახალი ტალღა’ და პროფესიული კოლეჯი ‘შავი ზღვა’) შორის ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიას. პროექტის მიზანია, დაეხმაროს საქართველოს მოქალაქეებს შრომის ბაზრისთვის საჭირო უნარ-ჩვევების შეძენაში, ხოლო ურთიერთგაგების მემორანდუმი მიზნად LINKS პროექტის დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებას და ხარისხიან განათლებასა და უნარ-ჩვენების განვითარების შესაძლებლობებზე წვდომის გაუმჯობესებას ისახავს.
„თანამედროვე ავტობუსები თანამედროვე ბათუმისთვის” ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ უმასპინძლა. ბათუმის მერმა არჩილ ჩიქოვანმა, სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელმა ლევან ლაზარიაშვილმა და ელჩმა ჰარცელმა ელექტროავტობუსები დაათვალიერეს. ელექტროავტობუსები შეძენილ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდის (E5P) დახმარებით, რომელშიც ყველაზე დიდი წვლილი ევროკავშირს შეაქვს. დაბალი იატაკის მქონე ავტობუსებით სარგებლობა გაუადვილდება ყველა მგზავრს, მათ შორის ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და მშობლებს საბავშვო ეტლებით. აღნიშნული ავტობუსები ასახავენ ევროკავშირის მიერ ნაკისრ ვალდებულებას გარემოსათვის უსაფრთხო განვითარების ხელშეწყობის კუთხით, რომელიც გამოიხატება საზოგადოებრივი ტრანსპორტის საიმედოობის, უსაფრთხოების და ეფექტიანობის ამაღლებასა და გამონაბოლქვის შემცირების გზით გარემოს მდგომარეობის გაუმჯობესებაში. გარემოს დაცვა საქართველოში ევროკავშირის დახმარების ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ელჩი ჰარცელი ეწვია ბათუმის სტომატოლოგიურ ცენტრს „როგო“, რომელმაც მიიღო დახმარება ევროკავშირის EU4Business-ის პროგრამიდან საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და ტექნოლოგიური თვალსაზრისით მოწინავე სტომატოლოგიური მომსახურების დასანერგად. ცენტრმა შეიძინა ულტრათანამედროვე სტომატოლოგიური აღჭურვილობა, რომელიც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს, პაციენტებს შესთავაზოს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი სტომატოლოგიური მომსახურება და ხელი შეუწყოს საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარებას. გარდა ამისა, აღნიშნული ფინანსური დახმარება კლინიკამ „როგო“ კოვიდ-19-ის გამო შექმნილ ვითარებასთან ადაპტირებისათვისაც გამოიყენა, კერძოდ, ცენტრში დაინერგა მკაცრი ჰიგიენური წესები, დამონტაჟდა თერმოსკრინინგის მოწყობილობა და თანამედროვე სავენტილაციო სისტემა. ევროკავშირი საქართველოში კერძო სექტორის ყველაზე მსხვილი საერთაშორისო მხარდამჭერია. 2019 წელს, საქართველოში ევროკავშირის დახმარებით მცირე და საშუალო ბიზნესის 30 000-ზე მეტმა წარმომადგენლობა ისარგებლა.
ელჩი ჰარცელი ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების ორ ორგანიზაციას, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე თემებთან მუშაობენ. ესენია „კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის“ და „ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის“. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შექმნილია პროფესიონალების მობილური დახმარების ჯგუფები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს მოთხოვნის საფუძველზე შესაბამის დახმარებას უწევენ. პირველი დახმარება კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში ევროკავშირის მხარდაჭერის ფარგლებში განხორციელდა, რომლის მოცულობამ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, სოციალური დახმარება და ეკონომიკის აღდგენა, 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა,”- ნათქვამია ევროკავშირის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები