“5 სოფელში ახალგაზრდული სათემო ცენტრები სრული დატვირთვით ამუშავდება” – გოგი მეშველიანი ბოლნისში ახალგაზრდულ მიმართულებაზე მომუშავე გუნდს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის წევრი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი ბოლნისის სამაჟორიტარო ბიუროში მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად ახალგაზრდულ მიმართულებაზე მომუშავე გუნდს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მაჟორიტარის ბიურო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს ჩამოყალიბების პროცესში არსებული ახალგაზრდული სათემო ცენტრების შემდგომი ფუნქციონირების საკითხი.

„იმისთვის, რომ ახალგაზრდები კიდევ უფრო აქტიურად ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ჩვენ დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ მუნიციპალური ახალგაზრდული პროგრამის შემუშავება, რის ფარგლებშიც უახლოეს მომავალში სრული დატვირთვით ამუშავდება ახალგაზრდული სათემო ცენტრები სოფლებში: დარბაზი, ტალავერი, ნახიდური, ქვემო ბოლნისსა და დაბა კაზრეთში. ვფიქრობ, აღნიშნული ცენტრები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საზოგადოებასა და ჩვენს შორის ჯანსაღი, აქტიური კომუნიკაციის საკითხში“, – განაცხადა გოგი მეშველიანმა

სათემო ახალგაზრდული ცენტრები იქნება საჭიროებებზე მორგებული სივრცე, სადაც რეგულარულად დაგეგმავენ და განახორციელებენ ახალგაზრდულ, კულტურულ, შემეცნებით, გასართობ, სპორტულ და სხვა თემატურ პროექტებს.

მოეწყობა ჯანსაღი ცხოვრების, მოქალაქეობრივი თვითშეგნების ამაღლების, განათლების მნიშვნელობისა და საჭიროების, სახელმწიფოს განვითარებაში ახალგაზრდების ჩართულობისა და მისი მნიშვნელობის განხილვა. ახალგაზრდები აქტიურად ჩაერთვებიან სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაში, რაც ხელს შეუწყობს ბოლნისის ეთნიკურად მრავალფეროვან მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების მეტად დაახლოებას და მათ ჩართულობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

ცენტრების მიზანია ახალგაზრდებთან რეგულარული შეხვედრების გამართვა, მათი მოსმენა, იდეებისა და საჭიროებების განხილვა და აღსრულება, სადაც ხელი შეეწყობა ახალგაზრდული საზოგადოების პროფესიულ და პიროვნულ განვითარებას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები