ისრაელსა და “ჰამასს” შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში პალესტინისა და ისრაელის დროით 02:00 საათზე შევიდა.
ტელეკომპანია „ალ-აქსას“ ცნობით, ღაზას სექტორში აქტიურად აღნიშნავდნენ „წინააღმდეგობის გამარჯვებას“, რომელსაც პალესტინურმა ჯგუფებმა „სეიფ ალ-კუდს“ („იერუსალიმის ხმალი“) უწოდეს. გვიან ღამით ასობით ადამიანი გავიდა რამალას ქუჩებში პალესტინის დროშებით, საომარი მოქმედებების დასრულების აღსანიშნავად ფოიერვერკებიც გაუშვეს.
დაზავება სარაკეტო იერიშების 11 დღის თავზე ეგვიპტის აქტიური შუამავლობით მოხერხდა.
20 მაისს ისრაელის სამხედრო-პოლიტიკურმა კაბინეტმა, საგანგებო შეხვედრაზე ცალმხრივად ცეცხლის შეწყვეტას დაუჭირა მხარი. “ჰამასის” მოძრაობა კი ცეცხლის შეწყვეტას კაიროს შუამავლობით დათანხმდა.
ეგვიპტის სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, პრეზიდენტმა აბდელ ფატაჰ ელ-სისმა პალესტინასა და ისრაელში ორი დელეგაცია გაგზავნა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დაცვის მონიტორინგისთვის.
მედიის ინფორმაციით, ერთი ჯგუფი უკვე რამალაში იმყოფება, რომელიც ახორციელებდა პალესტინურ მხარესთან ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებას, მეორე კი სასწრაფოდ თელ-ავივში ჩავა.
ამასთან, მედია აღნიშნავს, რომ მხარეები სარაკეტო იერიშებს ბოლო წუთამდე, ანუ ღამის 02:00-მდე ახორიციელებდნენ. ზავის ძალაში შესვლამდე 12 წუთით ადრე, ისრაელის არმიაში განაცხადეს, რომ სამხრეთის რაიონებში ისევ მოხდა სარაკეტო იერიში.