სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის გასვლითი სხდომა გაიმართა
თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის გასვლითი სხდომა წყალთა სახეობის ცენტრში ,,ტონუსი“ გაიმართა, სადაც კომისიის წევრები მიმდინარე სასწავლო და სამუშაო პროცესს გაეცნენ და აგრეთვე სამომავლო გეგმების შესახებაც მოისმინეს.
როგორც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი ჩაკვეტაძემ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ საბურთალოს რაიონში ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე არსებული ისტორიული აუზი დღესაც გამართულად ფუნქციონირებს.
,,მსგავსი ცენტრები ბევრ უბანში უნდა მოეწყოს და სწორედ ამ მიზნით ხორციელდება ის არაერთი პროექტი, რომელზეც მუშაობას წლების მანძილზე მერიასთან ერთად კოორდინირებულად ვაგრძელებთ“,- აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
კომისიის გასვლითი სხდომის ფარგლებში აგრეთვე მერიის შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2021-2024 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე საკრებულოს დადგენილების პროექტი განიხილეს, რომლის მიზანსაც თბილისის ინკლუზიური განვითარება და მის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა წარმოადგენს.
სამოქმედო გეგმაში კონცეპტუალური ხედვა, პრიორიტეტული სტრატეგიული მიმართულებები განსაზღვრულია და კონკრეტული, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში გასატარებელი ღონისძიებებიც დასახულია. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრებმა სამოქმედო გეგმის საკრებულოს სხდომაზე განსახილველად გატანას მხარი დაუჭირეს.