ნათია თურნავა: მადრიდის ტურიზმის გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ტურიზმის აღდგენა

„ჩვენთვის ძალიან დიდი პატივი და შესაძლებლობაა, ვიყოთ მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის მადრიდის Fitur 2021 არა მარტო დამსწრე, არამედ – პარტნიორი ქვეყანა. ამიტომაც, ჩვენი დელეგაცია წარმოდგენილია ყველაზე მაღალ დონეზე – მას პრემიერმინისტრი ხელმძღვანელობს.

ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რამდენად პრიორიტეტულია ჩვენთვის, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკისთვის ტურიზმის სწრაფი აღდგენა და ეს არის აბსოლუტურად განხორციელებადი,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელიც საქართველოს სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში მადრიდის ტურისტულ გამოფენას ესწრება.
მინისტრის განცხადებით, მადრიდის მასშტაბურ გამოფენაში, კოვიდ-ის მიუხედავად, 100-მდე ქვეყნის დელეგაცია მონაწილეობს, მათგან 30 ქვეყნის დელეგაციას მინისტრები და სხვა მაღალი რანგის თანამდებობის პირები ხელმძღვანელობენ.
„გამოფენაზე საქართველოს მიმართ ძალიან დიდი ინტერესია. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როგორ უზრუნველვყოფთ ტურისტული ინდუსტრიის უსაფრთხო ფუნქციონირებას. კერძოდ, ტურისტული სექტორის ვაქცინაცია პრიორიტეტულია და დარგის აღდგენა სწრაფად ხორციელდება. დაგეგმილი მაქვს ორმხრივი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის მინისტრებთან. ჩემს კოლეგებთან ვისაუბრებთ იმაზე, თუ ვუმკლავდებით კოვიდს და ვაჩქარებთ ჩვენს ქვეყნებში ტურიზმის აღდგენის პროცესს,” – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები