პაატა იმნაძე: “სინოვაკის“ ვაქცინა ბაზარზე არსებულ სხვა ვაქცინებს არაფრით ჩამოუვარდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინა 18 წელს ზემოთ ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი.
მისივე თქმით, “სინოვაკის“ ვაქცინა ბაზარზე არსებულ სხვა ვაქცინებს არაფრით ჩამოუვარდება.
„ძალიან ფართომასშტაბიანი კვლევებია ჩატარებული თვითონ ჩინეთში, ასევე ბრაზილიაში, ინდონეზიაში, თურქეთში, ჩილეში, ათასობით ადამიანი მონაწილეობდა მესამე ფაზის კვლევებში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე და მძიმე მიმდინარეობისგან იყვნენ გარანტირებული, ამ მხრივ ეს ვაქცინა არაფრით ჩამოუვარდება ბაზარზე არსებულ სხვა ვაქცინებს.
ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინები გამოირჩევა იმით, რომ მათი გვერდითი მოვლენები გაცილებით ნაკლებია, ვიდრე – თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული ვაქცინების.
შესაძლოა, იყოს ნანემსარის ადგილის ტკივილი, თავის ტკივილი, სისუსტე, კუნთების ტკივილი. მსუბუქია ჩვეულებრივ ეს მოვლენები, ასევე, ალერგიული რეაქცია, რომელიც ნებისმიერ ვაქცინაზე ან ნებისმიერ სხვა სამედიცინო პროდუქტზე და გარემოს ფაქტორზე შეიძლება იყოს, თუმცა, უკიდურესად იშვიათია მძიმე ალერგიული რეაქციები, ეს არის ძალიან, ძალიან იშვიათი მოვლენა“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.