სავაჭრო პალატის პრეზიდენტი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა
საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, გიორგი პერტაიამ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, იმამურა აკირას უმასპინძლა.
როგორც “კვირას” სავაჭრო პალატიდან აცნობეს, შეხვედრისას მხარებმა იმსჯელეს საქართველოსა და იაპონიას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და დაცვის შეთანხმების საკითხებზე, ასევე, მის მნიშვნელობაზე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის. მათივე ცნობით, გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და იაპონიის სავაჭრო პალატებს შორის პარტნიორული კავშირების ხელშეწყობაზე, იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციასთან (JETRO) მჭიდრო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, მათ შორის, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვასა და ბიზნეს კავშირების დამყარებაზე.
“გიორგი პერტაიამ საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობის და საქართველოში იაპონური ბიზნესის წარმომადგენლების მხრადაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა, რაც გულისხმობს კომპანიებისთვის როგორც საინფორმაციო, ასევე, ტექნიკურ მხარდაჭერას და შესაბამისი ბიზნეს პარტნიორების მოძიებას. შეხვედრის მონაწილე მხარეებმა საქართველოში იაპონური პროდუქციის პოპულარიზაციისა და იაპონიაში ქართული პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობის საკითხებზეც იმსჯელეს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.