საქართველოს ვიცეპრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა – დავით ზალკალიანმა გვირგვინით შეამკო “ზეციური ასეულის” მემორიალი
საქართველოს ვიცეპრემიერის, დავით ზალკალიანის ოფიციალური ვიზიტი კიევში დაიწყო. მინისტრმა დელეგაციის წევრებთან ერთად გვირგვინით შეამკო “ზეციური ასეული” და “უკრაინისთვის დაღული სამხედროების ხსოვნის კედელი”, რითიც პატივი მიაგო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისთვის და მეიდანზე დაღუპულთა ხსოვნას.
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი კიევში ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს, უმაღლესი რადას თავმჯდომარეს შეხვდება. დავით ზალკალიანი ასევე მონაწილეობას მიიღებს სამი ასოცირებული ქვეყნის – საქართველო, უკრაინა, მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე სამი ასოცირებული ქვეყნის კოორდინირებული საქმიანობისთვის “ასოცირებული ტრიოს დაფუძნებას” მიეძღვნება.
“ეს სამეული არის ევროკავშირის ასოცირებული წევრები. ჩვენ გვაქვს კიდევ უფრო მეტი ინტეგრაციული პროცესები და ამბიციური გეგმები ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და მემორანდუმი ასევე გულისხმობს თანამშრომლობას პოლიტიკური დიალოგის, ეკონომიკური თანამშრომლობის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის და სექტორული თანამშრომლობის კუთხით. ვფიქრობ, რომ ეს სამი მიმართულება უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება სამომავლოდ იმისთვის , რომ ჩვენ თანმიმდევრული ნაბიჯები გადავდგათ. ეს ძალიან კარგი დასაწყისია.
ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ამას უაღრესად მიესალმებიან და კარგი დასაწყისია იმისთვის, რომ ჩვენმა სამეულმა თანმიმდევრული ნაბიჯები გადადგას საბოლოო მიზნის მისაღწევად”-განაცხადა დავით ზალკალიანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით აღნიშნული ვიზიტი ხელს შეუწყობს სტრატეგიულ პარტნიორებს შორის არსებული მჭიდრო კოორდინაციის კიდევ უფრო გაძლიერებას ისეთ საკითხებზე, როგორიც არის საქართველოსა და უკრაინის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და ორი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა.
მინისტრის შეფასებით ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მოახლოებული სამიტების – ნატო-სა და აღმოსავლეთ პარტნირობის სამიტის წინ.