ნიკა მელია: შეიძლება, დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას, პარტიის სახელით, გადაწყვეტილება ვაცნობო

“შეიძლება, დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას, პარტიის სახელით, პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ვაცნობო”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა.

მისი თქმით, სურს, პარტიის სახელით გადაწყვეტილება საზოგადოებას მას შემდეგ აცნობოს, რაც რეგიონებში მოსახლეობასთან კომუნიკაცია ექნება.

„კონკრეტული გადაწყვეტილება ძალიან ბევრ ადამიანს უკვე მიღებული აქვს და შეიძლება, ბევრი არაფერი მაკლდეს, რომ დღეს საღამოს ბრიფინგი ჩავატარო და საზოგადოებას, პარტიის სახელით, გადაწყვეტილება ვაცნობო. ანუ ჩემს თავზე ავიღო ის, რაც ლეგიტიმურად არჩეულმა თავმჯდომარემ უნდა აიღოს, რასაც ჩვენ პასუხისმგებლობას ვეძახით, მაგრამ ამას განგებ არ ვაკეთებ. სულ რაღაც ოთხი დღე ვარ იქ, სადაც ვარ და არ ვარ იქ, სადაც ვიყავი. არ მინდა, უპატივცემულობა დავაფიქსირო ძალიან ბევრი ადამიანის მიმართ ამ უზარმაზარ პარტიაში. ამავე დროს, არ მინდა, რამდენიმე რეგიონში ჩაუსვლელად მივიღო ეს გადაწყვეტილება. მინდა, საზოგადოების რაც შეიძლება ფართო ნაწილთან მქონდეს კომუნიკაციის შესაძლებლობა და ამის შემდეგ გამოცხადდება გადაწყვეტილება, რომელიც პრაგმატული და რაციონალური იქნება. ეს არის მიზეზები, რატომაც დროში ვწელავ ამ პროცესს და ვფიქრობ, სწორად ვიქცევი. სხვაგვარად პროცესიც დაზიანდება და თავმჯდომარისგან არ შეიძლება. თავმჯდომარეობა არ ნიშნავს, ყველა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მიიღო“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები