უკრაინელი ჟურნალისტები: სააკაშვილი რეფორმების გატარებას ხელს უშლის, ყველაფერი, რასაც ის ახმოვანებს, წარმატებას არ იძლევა
“მიხეილ სააკაშვილის უკრაინის რეფორმების ტახტზე აყვანამ ჩვენს ქვეყანას სასარგებლო ცვლილებების ბოლო იმედი წაართვა”, – ამის შესახებ Obozrevatel TV-ს გამომძიებელი ჟურნალისტი, ვალერი ტოვმაჩი გადაცემაში – „სააკაშვილი – უკრაინაში რეფორმების მთავარი უბედურება“ აცხადებს.
საავტორო გადაცემაში ჟურნალისტები – ვალერი ტოვმაჩი და ოლეგ დეინეკა უკრაინაში გზების მშენებლობასა და მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების როლზე საუბრობენ.
„გზები არ აშენებულა და არც აშენდება. თურქების მიერ აშენებული გზები და ავტომაგისტრალები ერთი შეხების შემდეგ იფშვნება. თურქი სპეციალისტების პრეზიდენტის პროექტ „დიდ მშენებლობაში“ მონაწილეობა წარუმატებელი აღმოჩნდა და ახლა უკრაინელები მას, როგორც დიდ ქურდობას, მოიხსენიებენ. კომპანია „ალტკომის“ მიერ დაგებული ასფალტი ფეხბურთში 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შენარჩუნდა, თუმცა, ახალი ხელისუფლება სააკაშვილის გუნდთან ერთად „ევრო 2012“-ის მთავარ მშენებელს დევნის. მათ სპეცრაზმელები ესხმიან თავს მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელის, გიზო უგულავას ხელმძღვანელობით“, – აცხადებენ უკრაინელი ჟურნალისტები.
ვალერი ტოვმაჩი და ოლეგ დეინეკა ასევე აღნიშნავენ, რომ მთელი წლის განმავლობაში ყველა სატელევიზიო ეთერში სააკაშვილს მხოლოდ ფინანსების საკითხი აწუხებდა.
„საქართველოს ბიუჯეტის გაფლანგვისთვის გასამართლებულმა პირმა უკრაინის მთავარი რეფორმატორის ადგილი დაიკავა და ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებს უკრაინაში საჭირო რეფორმების გასატარებლად“, – აღნიშნავენ გადაცემის წამყვანები.
პარტია „5.10“-ის ლიდერი გენადი ბალაშოვი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეფორმების ოფისს სათავეში ჩაუდგა და მუდმივად გამოდის ინიციატივებით, რომელიც შედეგს არ იძლევა.
„სამწუხაროდ, ის რეფორმების გატარებას ხელს უშლის, ვინაიდან ყველაფერი, რასაც სააკაშვილი ახმოვანებს, წარმატებას არ იძლევა“, – განაცხადა მან.
ჟურნალისტი ვალერი ტოვმაჩი აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ დაპირებულმა ანტიკორუფციულმა რეფორმამ კრახი განიცადა.
„საბაჟოებსა და საგადასახადო ორგანოებში როგორც ადრე იღებდნენ ქრთამს, ისევე იღებენ ახლაც. მთავარი რეფორმატორის პოსტზე მისი ბობოქარი საქმიანობის შედეგი მხოლოდ საჩვენებელი სკანდალები გახდა. სააკაშვილი უკრაინელი ხალხის გადასარჩენად სასურსათო, კომუნალური და სამედიცინო რეფორმების გატარების საჭიროებას არ ხედავს. ხალხი ბუზებივით იხოცება. სამედიცინო სფერო სულ უფრო და უფრო ეშვება კორუფციულ უფრსკულში. რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნით უკრაინელი ხალხი მიხეილ სააკაშვილის კერძო ინტერესების მძევალი გახდა“, – აცხადებს ჟურნალისტი.
გადაცემის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ საქართველოს გაქცეულ პრეზიდენტს ღიად უწოდებენ შულერს.
„ხატია დეკანოიძის ხელმძღვანელობით, შს ორგანოების რეფორმის კრახმა უკრაინის ახალი პოლიციის ტოტალური მექრთამეობა და რაიონულ განყოფილებებში იანუკოვიჩის დროინდელი მხეცობა გამოიწვია“, – ამბობს ჟურნალისტი.
გამომძიებელი ჟურნალისტები ასევე აღნიშნავენ, რომ სხვა სფეროებში სააკაშვილის რეფორმების ამგვარი პერსპექტივა აშკარა გახდა უკრაინის მთავრობის ხელმძღვანელისთვისაც კი.
„უკრაინის ცენტრალური ხელისუფლებისადმი ნდობის მუდმივმა შერყევამ პრემიერი აიძულა მიხეილ სააკაშვილისთვის წერილი გაეგზავნა იმის თაობაზე, რომ უკრაინის მთავრობა ვერ შეძლებს სააკაშვილის პროექტების შემდგომ განხორციელებას. უკრაინაში ყველა მიმართულებით ტოტალური კრახის ფონზე, მთავარმა რეფორმატორმა განაცხადა, რომ შემოდგომას საქართველოში ბრუნდება. დრო გვიჩვენებს სააკაშვილის სიტყვების ფასს“, – აცხადებს გადაცემის წამყვანი.