„როდესაც რაიმე მაწუხებს ან მიხარია, თავისით მოდის შთაგონება“ – ხელოვანი თელავის ქუჩების „ჩუმი ხმაურიდან“, რომელიც ხშირად უსაშლელოდ ხატავს

საბავშვო ბაღიდან ხატავს, უფრო ხშირად უსაშლელოდ, კალმით ქმნის საინტერესო კომპოზიციებს.
ორი წელია თელავში ელენე ახვლედიანის ქუჩაზე ცხოვრობს. როგორც ამბობს, ქალაქის „ჩუმი ხმაური“ შთაგონებისთვის განაწყობს.
უნიკალურად შესრულებული კომპოზიციების გარდაბარელიეფებსაც ქმნის.
ყველა ნახატს შექმის საინტერესო ამბავი უდევს საფუძვლად…
ხატვასთან ერთად, მუსიკასაც წერს, ამჟამად მესამე სიმღერაზე მუშაობს.
მხატვარ ზურა ტოტიკაშვილის პერსონა.
– მშობლები მხატვრები არიან. ბავშვობაში ყოველთვის მაინტერესებდა რას მივაღწევდი, რომ გავიზრდებოდი.
მე ბაღიდან ვხატავ. ჩემი პირველი ნახატია „კატა და თაგვი“.
– თელავს, ბებიას სახლს რამდენიმე წელია დაუბრუნდით, რამდენად გეხმარებათ გარემო, თუნდაც პატარა ქალაქი შემოქმედებითი მუშაობისას?
– ორი წელია, თელავში ვცხოვრობ. მიყვარს თელავი, მისი ჩუმი ხმაური და სტიმულს მაძლევს, რომ უფრო მეტი შევქმნა. აქ ყოფნა ჩემთვის კომფორტია.
– შთაგონება… როგორ მოდის ფანტაზია…
– როდესაც რაიმე მაწუხებს ან მიხარია, ხატვის დროს თავისით მოდის შთაგონება, ჩემი გრძნობები გადამაქვს ფურცელზე.
– ხატავთ ფანქრით, საღებავით, საწერი კალმით...
– ვხატავ ყველაფრით, უბრალოდ ყველანაირ გარემოშია ხელმისაწვდომი კალამი და ფურცელი, ამიტომ უფრო ხშირად უსაშლელოდ, კალმით ვხატავ.
დღეს ბევრი ხატავს. როგორ უნდა განსხვავდებოდე სხვა მხატვრებისგან?
– არ უნდა ეცადო, თუნდაც ერთი დეტალი გადმოიღო სხვისი ნამუშევრიდან. უნდა ცდილობდე, შექმნა საკუთარი სტილი, რაც განგასხვავებს ყველასგან.
– პანდემიამდე და პანდემიის დროს… როგორ იმოქმედა პანდემიამ თქვენზე, როგორც შემოქმედზე?
– პანდემიამ ძალიან ცუდად იმოქმედა ნამუშევრების რეალიზაციაზე. ძალიან იშვიათად მქონდა შეკვეთები.
– როგორ შექმენით ერეკლე მეფის ბარელიეფი? კიდევ ხომ არ აპირებთ ამ თემაზე მუშაობას?
– ერეკლეს ბარელიეფისთვის ჩამოვედი თბილისიდან თელავში, დამიკვეთეს. ჯერ არ მიფიქრია ერეკლეზე კიდევ რაიმე ახლის შექმნა, იდეაში კი მაქვს საბრძოლო თემა…
– შექმნილი გაქვთ ონლაინაუქციონის გვერდი. პირდაპირ ეთერში ხატავთ… თავად რომელ ნამუშევარზე ისაუბრებდით ახლა?
– უკვე არსებულ ონლაინაუქციონზე ვდებ ნამუშევრებს. ყველა ნახატს თავისი ისტორია აქვს.
ემიგრანტ დედებზე შექმნილ ნახატს გამოვყოფ, რადგან ემიგრაცია დღეს საქართველოს მოურჩენელი ტკივილია. დავხატე დედა, რომელსაც გული აქვს ამოგლეჯილი და საქართველოს მიწაზე დევს, სადაც ზის შვილი. დედას ხელში სანთელი უჭირავს, ღვთისმშობელი და მფარველი ანგელოზი კი გამძლეობას ჰმატებენ.
– სერტიფიკატი გადმოგეცათ  კომპოზიციისთვის  – „სიტყვის თავისუფლება“…
– როდესაც სამსახურში ვარ და ღამისთევით ვმუშაობ, ყოველთვის ვპოულობ დროს რაიმეს შესაქმნელად. ასე შევქმენი ეს ნახატი…
– ჰობი…
– წერა.
– მუსიკასაც თავად წერთ…
– დიახ, ახლა მესამეზე  სიმღერაზე ვმუშაობ…
– თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, რას შეცვლიდით თქვენ ირგვლივ?
– პროდუქტების ფასები რომ იზრდება, ხალხის ხელფასს გავზრდიდი, რომ არსებობა შეძლებოდათ…
– გამოფენები… სამომავლო გეგმები…
– პირველი გამოფენა სკოლაში მქონდა, შემდეგ – სეუში და რამდენიმე თვის წინ -თელავის მუზეუმში. მინდა, რომ ჩემი ნიჭით საქართველოს ფარგლებსაც გავცდე და ვისწავლო უფრო მეტი, ვიდრე ვიცი.

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები