ბექა ლილუაშვილი: საზოგადოებამ ნათლად იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით, ღიად, საჯაროდ და, შეიძლება ითქვას, სამაგალითოდ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება

“საზოგადოებამ ნათლად იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით, ღიად, საჯაროდ და, შეიძლება ითქვას, სამაგალითოდ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება”, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერის მოადგილეების თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, იმედგაცრუებაა, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება უფრო მეტად ემსგავსება მის წინამორბედს.

„ჩვენ რამდენიმე კვირის წინ ამ დარბაზში გავაჟღერეთ განცხადება, რომ დაიწყო პოლიტიკური ნიშნით ფართომასშტაბიანი შევიწროების პროცესი და მაშინ მოვისმინეთ სკეპტიკური მოსაზრებები, რომ ეს განცხადებები არ იყო გაჯერებული ფაქტებით, სახელებითა და გვარებით და მეტიც, რომ ეს იყო სიცრუე. ბოლო ორი დღის განმავლობაში საზოგადოებამ ნათლად დაინახა, რომ შევიწროების კონკრეტული ფაქტები რამდენიმე რეგიონში ერთდროულად ხდება; იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით, ღიად, საჯაროდ და შეიძლება ითქვას, სამაგალითოდ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეების პოლიტიკური ნიშნით შევიწროება და მათი სამსახურიდან გათავისუფლება. მოსახლეობამ იხილა, როგორ ხდება პოლიტიკური ნიშნით შევიწროება წინა ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი მეთოდებით. უბრალოდ, ძალიან სამწუხაროა და ჩვენი მოქალაქეებისთვის უკიდურესად იმედგაცრუებაა, რომ მსგავსი მეთოდების გამოყენებით ხელისუფლება უფრო მეტად ემსგავსება მის წინამორბედს“, – განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

რამდენიმე დღის წინ თანამდებობები დატოვეს ხაშურის მერის მოადგილე ზურა როსებაშვილმა, გორის მერის მოადგილეებმა – ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმა, ფოთის მერის მოადგილეებმა – პაატა ლაგვილავამ და კონსტანტინე თოფურიამ, მარტვილის მერის მოადგილე აკაკი ხუნწელიამ და სენაკის მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები