პუტინი ოპონენტებს საბჭოთა მეთოდებით უსწორდება და დევნის

30 აპრილს რუსეთის საფინანსო მონიტორინგის სამსახურმა, „როსფინმონიტორინგმა“ „ტერორისტული და ექსტრემისტული“ ორგანიზაციების სპეციალური სია განაახლა.  შედეგად, რუსეთის ფინანსთა სამინისტრომ ალექსეი ნავალნის მიერ წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის შექმნილი რეგიონული ოფისები „ექსტრემისტულად“ შერაცხა.  ერთი დღით ადრე, მოსალოდნელი სანქციებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის თავიდან აცილების მიზნით, ლეონიდ ვოლკოვმა ნავალნის ორგანიზაციის რეგიონული ქსელის დახურვის შესახებ თავად გამოაცხადა.

მალევე, პოლიციამ მოსკოვში ნავალნის კორუფციასთან ბრძოლის ფონდის ადვოკატი, ივან პავლოვი დააკავა. მას გაჭიანურებულ გამოძიებებთან დაკავშირებული საიდუმლო ინფორმაციის გამხელა ედება ბრალად. ნიშანდობლივია, რომ პავლოვი სწორედ სახელმწიფო ღალატისა და ექსტრემიზმის ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს იცავს.  მათ შორის, ყოფილ ჟურნალისტს, “როსკოსმოსის” ხელმძღვანლის მრჩეველ ივან საფრონოვს, რომელსაც სახელმწიფოს ღალატი ბრალდება.

კრემლის სახელმწიფო მანქანა რომ მთელი ძალით და ყველა ფრონტზე ებრძვის პუტინის პირად პატიმარ ნავალნის, ამას ყველა ვხედავთ. თუმცა, ერთდროულად საინტერესო და შემაშფოთებელია ის, თუ რამდენი პარალელის გავლება შეიძლება  კრემლისა და საბჭოთა მეთოდებს შორის. სტალინის ეპოქაში. სისხლის სამართლის კოდექსის №58-10 მუხლი – „ანტისაბჭოთა პროპაგანდა“ არსებობდა. 1958 წელს კოდექსის შეცვლის შემდეგ, მუხლი შეინარჩუნეს როგორც №70 – „ანტისაბჭოთა აგიტაცია და პროპაგანდა“. ეს მუხლები ხშირად ფსიქიატრიული დაავადებების დიაგნოზის დასასმელად გამოიყენებოდა.  უფრო მეტიც, საბჭოთა აპარატის სამსახურში მყოფი აკადემიკოსები აქტიურად წერდნენ ნაშრომებს, სადაც არასტანდარტული აზროვნების სისხლის სამართლის დანაშაულთან დასაკავშირებლად თეორიულ ჩარჩოებს ქმნიდნენ.   ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსება იყო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასჯელი, რადგან ამ შემთხვევაში გამოიყენებოდა დასჯის სასტიკი მეთოდები:  სულფოზინის ინექციები, ინსულინოკომატოზური თერაპია, გამუდმებული და მრავალწლიანი თერაპია ნეიროლეპტიკებით – რათა პაციენტები  ანტისაბჭოთა შეხედულებებისგან „განეკურნათ“. სანიტრები პატიმრებს  ხშირად სცემდნენ. ვინც მოთხოვნებს არ ემორჩილებოდა,  სველ ზეწარში ახვევდნენ, რომელიც გაშრობის შემდეგ ვიწროვდებოდა და აუტანელ ტკივილებს იწვევდა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მრავალი პოლიტპატიმარი, საკუთარ მოგონებებში ამ და სხვა სასტიკი მეთოდების შესახებ წერდა. მათ შორის, ასე მოექცნენ პოეტ იოსიფ ბროდსკისაც.

თანამედროვე რუსეთში, სადაც პუტინმა ინტერნეტი ჯერ ბოლომდე ვერ აკრძალა, ინფორმაცია უფრო სწრაფად ვრცელდება. ნავალნის მხარდამჭერ აქციებზე „არასტანდარტულად მოაზროვნე“ ხალხს როგორ გაუსწორდნენ, ყველამ ვნახეთ.

მოგონებების დაწერა საჭირო აღარ არის. უამრავი ფოტო-თუ ვიდეომასალა გავრცელდა, სადაც დასისხლიანებული მშვიდობიანი მოქალაქეების სახეზე წლების მანძილზე დაგროვებული ბრაზი იკითხება. ალექსეი ნავალნის ციხეში როგორ ეპყრობიან, ისიც ვიცით, სასამართლო სხდომაზე მისი ჩართვის შემდეგ ამასთან დაკავშირებით კითხვები აღარავის აქვს.

პუტინი პოლიტიკურ ოპონენტებს ოცდამეერთე საუკუნეშიც იმ მეთოდებით უსწორდება, რომელსაც საბჭოთა კავშირში იყენებდნენ. თავისუფალ მედიას „უცხოელი აგენტის“ იარლიყს აკრავენ, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს აპატიმრებენ, მათ ორგანიზაციებს კი ტერორიზმში სდებენ ბრალს. საბჭოთა კავშირის კონსტიტუციით მართული რუსეთი ჩრდილოეთ კორეას სულ უფრო უახლოვდება და პრეზიდენტი ხალხს ბოლომდე შორდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საბჭოთა მეთოდებით ოპონენტების დადუმება პუტინს საგარეო ფრონტზე თავისუფლად მოქმედებისთვის სჭირდება. ასე უფრო ადვილად განათავსებს რუსი ხალხის ფულით დაფინანსებულ ჯარებს საქართველოს, უკრაინისა და იმ სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოების ტერიტორიებზე, სადაც მას არაფერი ესაქმება.

ალექსეი ნავალნის გარშემო განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ პუტინი თავის ქვეყანას უკან, წარსულში აბრუნებს. სწორედ ამიტომაც, რუსეთი ეკონომიკურად თუ ტექნოლოგიურად კონკურენციას სხვა ქვეყნებს ვერ უწევს. კრემლის პოლიტიკა რუსებს ჭაობისკენ მიათრევს და პროგრესის შანსს არ უტოვებს. რუსებთან ერთად უკუსვლა ემუქრება ყველა იმ ადამიანს, ვისაც არ ესმის, რომ პუტინს საკუთარი ქვეყნისთვის ვერ და არ მიუხედავს, ამიტომაც, არც მათ დაეხმარება.  უფრო მეტიც, ოფიციალური მოსკოვი სულ უფრო დესტრუქციულ ძალად ყალიბდება, რომელიც საერთაშორისო ორბიტაზე მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეს უქმნის.

გიორგი შერმადინი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები