ისრაელში აცხადებენ, რომ იერიშებს “სრული სიჩუმის დადგომამდე” გააგრძელებენ

“ისრაელის არმია გააგრძელებს ღაზას სექტორში პალესტინის დაჯგუფებების სამიზნეების იერიშს, სრულ სიჩუმემდე”, – განაცხადა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა.

“როდესაც ამ მიზანს მივაღწევთ, შეგვიძლია, ვისაუბროთ დეესკალაციაზე. ამ დროისთვის დასრულების თარიღი არ არსებობს”, – თქვა მინისტრმა ქალაქ აშკელონში ვიზიტის დროს.

განცმა აღნიშნა, რომ ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში არმიამ რამდენიმე სერიოზული დარტყმა განახორციელა.

“იერიში მივიტანეთ “ჰამასის” სარდლობის ქვედანაყოფებსა და ცენტრალურ ინფრასტრუქტურაზე და გავაგრძელებთ ამას, ისრაელელების დასაცავად. ასობით სამიზნე გავანადგურეთ. შენობები ინგრევა, ქარხნები იშლება, ტერორის გვირაბები განადგურებულია და ყველა მეთაურს ვანადგურებთ. მაგიდაზე ყველა საშუალება და ყველა ვარიანტი დევს”, – დასძინა მან.

გუშინ, განცმა განაცხადა, რომ ისრაელელ სამხედროებს ღაზას სექტორში რამდენიმე სამიზნე აქვთ გასანადგურებელი და ეს “მხოლოდ დასაწყისია”. თავის მხრივ, ქვეყნის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ “ჰამასი” და “ისლამური ჯიჰადი” საკუთარი ქმედებების გამო მაღალ ფასს გადაიხდიან.

სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ინდოეთის მოქალაქეა, 200-ზე მეტი კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები