„საქართველოს ტყე არ უნდა განვიხილოთ, როგორც შეშა, არამედ უნდა განვიხილოთ, როგორც ფასეულობა, ეკოტურიზმის უდიდესი პოტენციალი“ – რას ითვალისწინებს ტყითსარგებლობის ახალი წესი
საქართველოს ტყე არ უნდა განვიხილოთ, როგორც შეშა, არამედ უნდა განვიხილოთ, როგორც ფასეულობა, ქონება, ეკოტურიზმის უდიდესი პოტენციალი”, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამირგულაშვილმა ტყითსარგებლობის ახალი წესის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზებული ტყითსარგებლობით სამინისტროს სურს, ერთი მხრივ, უზრუნველყოფილი იყოს ის, რომ მოსახლეობას საშეშე მერქანზე ლეგალური და მარტივი წვდომა ჰქონდეს, მეორე მხრივ, ის, რომ სამასალე ღირებულების მერქანი ღუმელში არ მოხვდეს.
ამირგულაშვილის განმარტებით, საშეშე და სამასალე მერქნის დამზადებას მხოლოდ ტყის მართვის ორგანოები უზრუნველყოფენ, შესაბამისი წესით დაახარისხებენ და დასაწყობების ადგილებზე, „საქმიანი ეზოებში“ განათავსებენ, რომლებიც 2023 წლიდან საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში იფუნქციონირებს.
„როგორც იცით, საქართველოს მთავრობამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, 2013 წელს სატყეო სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა დაიწყო. სამინისტრომ ახალ „ტყის კოდექსზე“ იმუშავა, ვინაიდან ეს რეფორმის ერთერთი ქვაკუთხედია. კოდექსი პარლამენტმა 2020 წელს მიიღო. ის ძალაში მიმდინარე წლის 1-ელ იანვარს შევიდა. მოგეხსენებათ, კანონს მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები სჭირდება, რათა დადგენილი სამართლებრივი ნორმების აღსრულება სრულად მოხდეს. შესაბამისად, მიმდინარე კვირას ერთერთი მნიშვნელოვანი კანონქვემდებარე აქტი დამტკიცდა, რომელსაც „საქართველოს ტყითსარგებლობის წესი“ ჰქვია. აღნიშნულმა წესმა მთლიანობაში ის დეტალები, ტექნიკური საკითხები განსაზღვრა, თუ როგორ უნდა იმუშაოს ახალმა „ტყის კოდექსმა“.
მინდა, გამოვეხმაურო ინფორმაციას, რაც ეს ორი დღეა, ამ რეფორმასთან დაკავშირებით ვრცელდება. ერთი მხრივ, ეს ეხება მრავალმიზნობრივ სარგებლობებს, არამერქნული ტყის რესურსებით, ხილ-კენკრით სარგებლობის საკითხს, ასევე, შეშის მოხმარების, დამზადების საკითხს.
გავრცელებული ინფორმაციით, 2023 წლიდან გლეხი და მოქალაქე ვეღარ მოჭრის შეშას, მე ვიტყოდი, რომ აღარ მოჭრის, აღარ მოუწევს მოჭრა. ეს არ არის ცუდი ფაქტი, რომ ვეღარ მოჭრის შეშას, კარგი ფაქტია, რომ აღარ შევა ტყეში და აღარ მოუწევს იმ წვალებისა და შრომის გაღება. ტარიფი არ შეცვლილა. 1 კუბურ მეტრზე 6 ლარი რაც იყო გადასახადი, ეს რჩება.
სატყეო სექტორის რეფორმის ერთერთი ქვაკუთხედია ის, რომ ჩვენ საქართველოს ტყე არ უნდა განვიხილოთ, როგორც შეშა, არამედ უნდა განვიხილოთ, როგორც ფასეულობა, ქონება, ეკოტურიზმის უდიდესი პოტენციალი. ამიტომ, ჩვენი მიზანია, სატყეო მეურნეობებზე გადავიდეთ. სატყეო მეურნეობები განვაახლოთ და აღვადგინოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ვატარებთ ინვენტარიზაციას, მეტყევეები საზღვრავენ რა, სად, რა ოდენობით და რა ფორმითაა მოსაჭრელი. სატყეო სამსახურები პროფესიონალურ დონეზე განსაზღვრავენ მოსაჭრელი ხეების რაოდენობას, გამოიტანენ და „საქმიან ეზოში“ განათავსებენ. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში 15-მდე საქმინი ეზო უკვე გაიხსნა, სადაც მოქალაქეებს ახლაც შეუძლიათ, მივიდნენ, სამასალე და საშეშე მერქანი შეიძინონ. 2023 წლიდან ეს ყველგან ასე იქნება. ამით თავიდან ავიცილებთ ფატალურ შემთხვევებს, რისკებს დავაზღვევთ. მოქალაქეს საშეშე რესურსზე წვდომა გაუმარტივდება.
ორგანიზებული ტყითსარგებლობით გვინდა, უზრუნველვყოთ ის, რომ მოსახლეობას საშეშე მერქანზე ლეგალური და მარტივი წვდომა ჰქონდეს, ეს ეფექტიანი იყოს და, მეორე მხრივ, სამასალე ღირებულების მერქანი ღუმელში არ მოხვდეს. მესამე – არ დავტოვოთ ნარჩენი ტყეებში.
ახალი „ტყის კოდექსის“ მიხედვით, საქართველოს ტყეები იყოფა დაცულ, დაცვით, სარეკრეაციო – საკურორტო და სამეურნეო ტყეებად. მოხარულები ვიქნებით, რომ ტურისტულ-რეკრეაციული თვალსაზრისით ტყის პოტენციალის გამოყენება გაძლიერდეს, ისე როგორც ეს არის დაცულ ტერიტორიებშია. არის ბილიკები, კოტეჯები დასასვენებელი ადგილები,“ – განაცხადა ამირგულაშვილმა.
მისივე თქმით, ახალი წესით, ტყეში კენკროვანებისა და სხვა არამერქნული რესურსის კომერციული მიზნით შეგროვება დაშვებულია.
„ჩვენ არამერქნული რესურსების კომერციული სარგებლობა დავუშვით, რაც ათწლეულები პრობლემა იყო.
ჩვენ დაახლოებით 100-ზე მეტი არამერქნული პროდუქტი გვაქვს. კომერციული მიზნით სარგებლობა დასაშვები ხდება. გლეხს, ნებისმიერ მოქალაქეს ყოველთვის შეეძლება, შევიდეს ტყეში და მაყვალი, ხილ-კენკრა, სოკო, ნებისმიერი ტყის პროდუქტი პირადი სარგებლობისთვის უსასყიდლოდ წამოიღოს. მაგრამ მათ, ვისაც კომერციალიზაცია სურს, უნდათ, მეწარმეობა ჰქონდეთ და სამართლებრივ ურთიერთობაში შევიდნენ, ეძლევათ საშუალება, სატყეო სამსახურებიდან, გარკვეული პირობებით 1- წლიანი სეზონური მოპოვების ნებართვა აიღონ, გაადაიხადონ თუნდაც ის სიმბოლური მოსაკრებელი, რაც მომდევნო თვეებში პარლამენტში ინიცირდება. ამის შემდეგ კი დაამზადონ და მოახდინონ რეალიზაცია. მაგალითად მოცვის, ასკილის“, – განაცხადა კარლო ამირგულაშვილმა.
თამუნა შეყილაძე