„ვფიქრობ, ერთ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც საზოგადოება ელოდება”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პარტიაში პარლამენტში შესვლა-არშესვლის საკითხზე აზრთა სხვადასხვაობაა და გადაწყვეტილების მიღება კონსულტაციებს საჭიროებს.
„დღეიდან იწყება აქტიური კონსულტაციები კოლეგებთან. ყველას ვთხოვთ, მოთმინებით მოვეკიდოთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს. როცა ვამბობთ, რომ ვართ მსხვილი ოპოზიციური პარტია, არავინ მიიჩნიოს, რომ ამით რომელიმე პარტიას ოდნავ მაინც ვაკნინებთ. ამ ბრძოლაში ერთი ხმაც, ერთი ადამიანის არსებობაც მნიშვნელოვანია. გადაწყვეტილების მიღება საჭიროებს მრავალდღიან კონსულტაციებს. „ნაციონალურ მოძრაობაში“ უფრო მეტი ხალხიც ვართ და მეტი განსხვავებული პოზიციაცაა. ვფიქრობ, ერთ კვირაში მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომელსაც საზოგადოება ელოდება. ერთსულოვნად უნდა გადავწყვიტოთ, პარტია კონკრეტული გეგმით მოქმედებას აგრძელებს თუ მას ცვლის და გეგმას სხვა გეგმით ანაცვლებს“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
ნიკა მელია საპატიმროდან გუშინ გათავისუფლდა.