ზაალ უდუმაშვილი: ჩემი პირადი პოზიციაა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია უნდა იყოს
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პარტია დღეიდან მუშაობას იწყებს მნიშვნელოვან საკითხებზე, მათ შორის, პარლამენტში შესვლის საკითხზე.
უდუმაშვილის თქმით, მისი პოზიციაა, რომ თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იყოს.
,,დარწმუნებული ვარ, ოპოზიცია შეძლებს კვლავ შეთანხმების მიღწევას, რათა საერთო სტრატეგიით გავიდეთ ამ არჩევნებზე. ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია და ბევრს აინტერესებს პარლამენტში შესვლის საკითხი. ესეც, რა თქმა უნდა, იქნება განხილვის თემა როგორც პარტიის შიგნით, ასევე, პარტიის გარეთაც. პარტიაში არის განსხვავებული აზრები ამასთან დაკავშირებით, ჩვენ მოვისმენთ ყველა არგუმენტს და, საბოლოოდ, მივიღებთ გადაწყვეტილებას.
ვერ გეტყვით ახლა ვერაფერს, მაგრამ ჩემი პირადი პოზიციაა, რომ თუ დღეს ვინმეზე შეიძლება, იყოს საუბარი, რომ იყოს თბილისის მერობის კანდიდატი, რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს ნიკა მელია, რადგან არის პოლიტიკოსი, რომელსაც შესწევს ძალა, დაამარცხოს „ქართული ოცნების“ ნებისმიერი კანდიდატი, ვინც უნდა იყოს, თუმცა, ეს საკითხი დღევანდელ დღის წესრიგში არ არის, ვიდრე ჩვენ არ გავივლით კონსულტაციებს სხვა ოპოზიციურ პარტიებთან“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.