ნათია თურნავამ „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის” ფარგლებში ჩატარებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

“საქართველო – გერმანიის ეკონომიკური ურთიერთობები მუდმივად ვითარდება. პანდემიის მიუხედავად, 2021 წლის იანვარი – მარტში საქართველოს ექსპორტი გერმანიაში 40 პროცენტით გაიზარდა.

აქტიურად მიმდინარეობს ორი ქვეყნის კერძო სექტორის თანამშრომლობა. საქართველოში დღეს 1000-ზე მეტი კომპანია მოქმედებს, სადაც გერმანული კაპიტალი მონაწილეობს. ამის მიუხედავად, განვითარების რესურსი ბევრად მეტია,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ, რომელმაც მონაწილეობა მიიღო გერმანიაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და გერმანიის დარგობრივი უწყებების მხარდაჭერით ჩამოყალიბებული ფორმატის – „ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის” ფარგლებში ჩატარებულ რიგით მეორე შეხვედრაში, რომელიც ონლაინ ფორმატში გაიმართა.

„ქართულ-გერმანული ბიზნესდიალოგის” ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, ნათია თურნავამ გერმანელ კოლეგასთან ერთად გობალური პანდემიის ფონზე საქართველო – გერმანიის სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობები განიხილა და ყურადღება გამახვილდა ნაბიჯებზე, რომელიც აუცილებლად უნდა გადაიდგას.
მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა საქართველოს ეკონომიკას და შემოაბრუნა ის პოზიტიური ტენდენციები, რაც პანდემიამდე ფიქსირდებოდა ეკონომიკის ყველა მიმართულებით. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი ტურიზმის სექტორზე გააკეთა. მისი თქმით, საქართველო მსოფლიოს უდიდესი ტურისტული გამოფენის ITB Berlin 2023 – ის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანაა, რაც ხელს შეუწყობს მთელს მსოფლიოში, მათ შორის, გერმანიაში საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების, პოპულარიზებას. ონლაინ შეხვედრაზე გერმანიის მხარეს წარმოადგენდა გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის ფედერალური მინისტრის მოადგილე თომას ბარაისი. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ ორივე ქვეყნის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები – ლევან იზორია და ჰუბერტ ქნირში, აგრეთვე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” ხელმძღვანელი – მიხეილ ხიდურელი და საქართველოს სავაჭრო-პალატის პრეზიდენტი – გიორგი პერტაია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები