პუტინმა დუმას “ღია ცის” შეთანხმების დენონსირების კანონპროექტი წარუდგინა

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა სახელმწიფო დუმაში “ღია ცის” შესახებ ხელშეკრულების დენონსირების კანონპროექტი წარადგინა.

შესაბამისი შეტყობინება გამოქვეყნდა დუმის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

15 იანვარს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ შეთანხმებიდან გასვლის შიდა პროცედურებს იწყებენ.

2020 წლის 22 ნოემბერს აშშ-მა “ღია ცის” შეთანხმებიდან გასვლის პროცედურა დაასრულა, რომელიც მაისში იყო ჩაშვებული.

ამის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ის, რომ რუსეთი სადამკვირვებლო ფრენებს ზღუდავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების – აფხაზეთისა და ე.წ.სამხრეთ ოსეთის ე.წ.საზღვრებიდან 10 კმ რადიუსში, რადგან მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებს და აცხადებს, რომ ისინი შეთანხმების მონაწილე ქვეყნები არ არიან; ასევე, მიზეზად სახელდება ანექსირებულ ყირიმში საწვავის შევსებისთვის განკუთვნილი აეროდრომის მოწყობასა და კალინინგრადის ოლქის თავზე სადამკვირვებლო ფრენების შეზღუდვა. გარდა ამისა, საუბარია მოსკოვის მიერ კალინინგრადთან, პოლონეთთან, ლიეტუვასთან ფრენებზე შეზღუდვების დაწესებაზე.

რაც შეეხება “ღია ცის” შეთანხმებას – მას ხელი 1992 წლის 24 მარტს ჰელსინკში ეუთო-ს 23 წევრი-ქვეყნის მიერ მოეწერა. შეთანხმების მიზანია მონაწილე ქვეყნების მიერ ერთმანეთის ტერიტორიებზე სადამკვირვებლო ფრენების განხორციელება.

2017 წლის მდგომარეობით, შეთანხმების წევრი ქვეყნების რაოდენობა 34-მდე გაიზარდა. დოკუმენტზე ხელი საქართველოსაც აქვს მოწერილი, რუსეთმა კი შეთანხმება 2001 წლის 26 მაისს გაიზიარა.

შეთანხმების ფარგლებში, ფრენების კვოტირების სისტემა არსებობს. 2017 წელს, მაგალითად, რუსეთსა და ბელარუსს, რომლებიც ერთ ჯგუფად მიიჩნევიან, 42 ფრენის განხორციელება შესაძლებლობა მიეცათ. საპასუხოდ, წევრმა ქვეყნებმა რუსეთის ტერიტორიაზე 34 სადამკვირვებლო ფრენა განახორციელეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები