აკრძალულია თუ არა ალკოჰოლის მიღება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ
აკრძალულია თუ არა ალკოჰოლის მიღება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შემდეგ – ამასთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ინფორმაციას ავრცელებს.
“ერთი მხრივ, კვლევები იმაზე, რომ ალკოჰოლი ანტისხეულების შექმნას ამცირებს, არ არსებობს.
მეორე მხრივ, იქედან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ზოგიერთი გვერდითი მოვლენა, როგორიცაა თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა, შეიძლება ნაბახუსევის შეგრძნებებში აგერიოთ, ვაქცინაციის შემდგომ დღეებში ალკოჰოლის ჭარბი მიღება არ არის რეკომენდირებული.
გარდა ამისა, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება მავნებელია ორგანიზმისთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ასაკში; იგი წარმოადგენს მრავალი ქრონიკული დაავადების, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, დიაბეტი, სიმსივნე და ა.შ. რისკის ფაქტორს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.