აღმოსავლეთ იერუსალიმში, პალესტინელებსა და პოლიციას შორის შეტაკების შედეგად, სულ მცირე, 180 ადამიანია დაშავებული, მათ შორის “წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის” თანამშრომლები არიან.
სამართალდამცველებთან დაპირისპირება იერუსალიმში გამთენიისას ტაძრის მთაზე, ალ-აქსას მეჩეთთან განახლდა, გამოყენებულია ცრემლსადენი გაზი.
ამის შესახებ ინფორმაციას იერუსალიმში “წითელი ნახევარმთვარის ორგანიზაციის” წარმომადგენლობა ავრცელებს.
აღმოსავლეთ იერუსალიმში შეტაკებები უკვე რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.
იერუსალიმში, “წითელი ნახევარმთვარის” მონაცემებით, 9 მაისს დღის განმავლობაში არეულობის შედეგად 80 პირი დაშავდა, სულ დაპირისპირების შედეგად 300 პალესტინელია დაშავებული.
აღმოსავლეთ იერუსალიმში დაძაბულობა აპრილის შუა რიცხვებიდან დღითიდღე იზრდებოდა. 7 მაისს პალესტინელებსა და ისრაელის პოლიციას შორის შეტაკება ერთდროულად ორ ადგილას მოხდა: ტაძრის მთასთან და შეიხ ჯარაშის რაიონში, სადაც, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შესაძლოა, 30 არაბული ოჯახი გაასახლონ. აღნიშნულს კი ადგილობრივების მხრიდან არეულობა მოჰყვა.
დღეს ისრაელში იერუსალიმის დღეს აღნიშნავენ, რომელიც დაარსდა ექვსდღიანი ომის შემდეგ, როდესაც ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილი ისრაელის კონტროლზე გადავიდა. ამ დღეს იერუსალიმში ეწყობა მსვლელობა დროშებით და სხვა ღონისძიებები ტარდება.
სიტუაციის შეფასების შემდეგ, შეტაკებების თავიდან აცილების მიზნით, პოლიციამ ტაძრის მთაზე ებრაელების წვდომა შეაჩერა. მედიის ინფორმაციით, მეჩეთის მიდამოში პოლიციამ განალაგა სნაიპერები, გაზრდილი ძალოვანთა რაოდენობა. ძველი ქალაქის რაიონში გადასროლილია პოლიციისა და სასაზღვრო პოლიციის ათასობით მებრძოლი.